აშშ-ის არჩევნები 2020

ბუტიჯეჯი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლას გამოეთიშა

0 კომენტარი
პიტ ბუტიჯეჯი ფოტო: ABC

ინდიანას შტატის ქალაქ საუს ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტიჯეჯი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლას გამოეთიშა. კამპანიის დასრულების შესახებ მან განცხადება მშობლიურ ქალაქ საუს ბენდში გააკეთა. მან თქვა, რომ მიუხედავად ამისა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნოემბერში არჩევნებში გამარჯვება დემოკრატმა კანდიდატმა მოიპოვოს.

38 წლის ბუტიჯეჯი პირველი ღიად გეი კანდიდატი იყო რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატობაზე იყრიდა კენჭს.

მიუხედავად კამპანიის წარმატებული დასაწყისისა, უკანასკნელ კვირებში მან მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

ბუტიჯეჯმა მცირე განსხვავებით გაიმარჯვა აიოვაში გამართულ პრაიმერში, ნიუ ჰემფშირში კი ბერნი სანდერსს მცირე სხვაობით ჩამორჩებოდა. მიუხედავად ამისა, ნევადაში ის მესამე ადგილზე გავიდა ბერნი სანდერსის და ჯო ბაიენის შემდეგ, სამხრეთ კაროლინაში კი მეოთხე ადგილზე. ამჯერად მას სანდერსთან და ბაიდენთან ერთად ტომ სტაიერიც უსწრებდა.

ბუტიჯეჯის გადაწყვეტილებას საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი:

"პიტ ბუტიჯეჯი გამოეთიშა. მისი სუპერ სამშაბათის ხმები მძინარე ჯოს მიუვა. მშვენიერი დროა. ეს არის ნამდვილი დასაწყისი დემოკრატების მიერ ბერნის თამაშიდან გაყვანისა - ისევ ნომინაციის გარეშე!"

ხვალ, 3 მარტს "სუპერ სამშაბათი" იქნება, როდესაც პრაიმერი გაიმართება ერთდროულად 14 შტატში და ჯამში 1,357 დელეგატი გადანაწილდება. ამჟამად გამოკითხვებში ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი ლიდერობს. 2016 წლის არჩევნებში სანდერსი ნომინაციისათვის ბრძოლაში ჰილარი კლინტონთან დამარცხდა.

ნომინაციის მოპოვებისათვის ბრძოლაში რჩებიან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი, მინესოტას სენატორი ემი კლობიშარი და მილიარდერი, ნიუ იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი.

გუშინ კანდიდატურა მოხსნა კიდევ ერთმა კანდიდატმა, მილიარდერმა ტომ სტაიერმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები