საარჩევნო სისტემა

ბურჯანაძე საარჩევნო სისტემაზე: 130/20 ძალიან კარგია, მაგრამ 125/25-ც არ არის მიუღებელი

ნინო ბურჯანაძე
democrats.ge

"130/20 ძალიან კარგია. სწორია, რომ მაქსიმალური თქვა, მაგრამ 125/25-ც არ არის მიუღებელი," - ამის შესახებ "დემოკარატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ლეიბორისტულ პარტიაში ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ისაუბრა. ბურჯანაძის თქმით, ქართული ოცნების ბოლო ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც მათ 1 მარტის სხდომაზე შეიმუშავეს, მას შემდეგ ისაუბრებს, რაც კონკრეტულ კანონპროექტს ნახავს.

"დეტალებზე და რიცხვებზე არ ვსაუბრობ, შეგნებულად. პრინციპები კი ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს პროპორციული წარმომადგენლობა, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.  მნიშვნელოვანია მაჟორიტარული ოლქების დალაგების საკითხი, ერთმანეთის მოტყუების მცდელობა არ უნდა იყოს. რთულია დეტალებზე მსჯელობა, იმიტომ რომ ქართული ოცნების გახმოვანებული წინადადება დაწერილი უნდა ვნახოთ პროექტი, რა არის, რა დეტალებს გულისხმობს და ამ კანონპროექტის ნახვის შემდეგ შეიძლება საბოლოოდ მოსაზრების გამოთქმა," - ამბობს ბურჯანაძე. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მისივე თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. 

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, თქმით კი, ამ დროისთვის "ოპოზიციის მეორე ნაწილსა" და ხელისუფლებას შორის შეთანხმება "ობიექტურად შესაძლებელია", ხოლო იმ პარტიას, რომელიც ამ შეთანხმებას "ხელს შეუშლის" საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მოუწევს ამ გადაწყვეტილების ახსნა. თალაკვაძე არ აკონკრეტებს ვის გულისხმობს "ოპოზიციის მეორე" ნაწილში. ლეიბორისტული პარტიის ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებების მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისფულებასა და მათ შორის არანაირი შეთანხმება არ არსებობს. 

40%-ის პრინციპზე ოპოზიციურმა პარტიებმა 11 თებერვალს ისაუბრეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში, რაზე საუბარსაც მმართველი გუნდის ლიდერები თავს არიდებენ. 

ქართული ოცნების მიერ ამ დრომდე შეთავაზებული ორი მოდელიდან (საჯაროდ ნათქვამი 100/50-ზე და შეხვედრაზე ნათქვამი 110/40-ზე) ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს ოპოზიციის მიერ მოთხოვნილ 40%-ის პრინციპს. 

კომენტარები