ლგბტქ უფლებები

ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ თავს დაესხნენ, თუმცა პოლიციამ ის დააკავა

თანასწორობის მოძრაობა

ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ, რის გამოც პოლიცია გამოიძახა, რომელმაც ის დააკავა.

ინფორმაციას ამის შესახებ თანასწორობის მოძრაობა ავრცელებს, რომელსაც მოგვიანებით ტრანსგენდერმა ქალმა მიმართა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქალი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ბრალდებით დააკავეს.

შსს ტრანსგენდერი ქალისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება შეუფარდა.

"სამართალდამცავი ორგანო სასმართლო პროცესზე ითხოვდა მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას, თუმცა იურისტების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე  და სასამართლო განხილვების შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.ქ.-ს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება შეუფარდა, რადგან არ დადასტურდა დაუმორჩილებლობის ფაქტი", - აღნიშნავენ თანასწორობის მოძრაობაში.

კომენტარები