სონღულაშვილი: ეკლესიებს სიფრთხილე მართებთ, ევქარისტიის აღსრულება ეპიდემიის შესაძლო მიზეზია

მალხაზ სონღულაშვილი
ტაბულა

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, მალხაზ სონღულაშვილი კოლეგებს ღია წერილით მიმართავს და ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცლების მიზნით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებას სთხოვს.

წერილში ვკითხულობთ:

"ღია წერილი ჩემს ძვირფას კოლეგებს

დღევანდელი მსოფლიო ისეთმა ვირუსმა მოიცვა, რომლის მსაგავსიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) აზრით, აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. ეს ვირუსი, მათი დასკვნით „უნიკალურია“. მისი საპირწონე მედიკამენტები დღემდე არ არსებობს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმასაც გვაფრთხილებს, რომ სტიგმა, რომელიც შეიძლება კორონავირუსმა გამოიწვიოს, „ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე თავად ვირუსი.“

სხვადასხვა სახის ვირუსული აფეთქება არაერთხელ გვინახავს ბოლო დეკადების განმავლობაში, მაგრამ მსგავსი აჟიოტაჟი სხვა ვირუსებს არ გამოუწვევიათ. წამყვანი ეპიდომოლოგების მოსაზრებით, ადვილი შესაძლებელია, რომ ვირუსმა მსოფილო მოსახლეობის 40 -იდან 70 პროცენტი მოიცვას.

საბედნიეროდ, ვირუსის შეკავება შესაძლებელი ჩანს, თუკი ჯეროვან ძალისხმევას მიმართავენ ხელისუფლების წარმომადგენლები და თითოეული ადამიანი.

ადამიანი მოწყვლადია ამ ვირუსთან მიმართებაში ხალხმრავალ ადგილებში, რომელთა შორისაც, ცხადია, უნდა ვიგულისხმოთ რელიგიური დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობები: ეკლესიები, მეჩეთები, სინაგოგები, ზიარათები და ტაძრები.

იმის გამო, რომ ვირუსი ჰიგიენური წესების დაუცველობის შემთხვევაში უფრო იოლად ვრცელდება, საგანგებო მნიშვნელობას იძენს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული რჩევების გათვალისწინება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასულიერო პირებმა ღმერთის სახელზე აპელირების ხარჯზე არ უგულებელჰყონ შემოთავაზებული რჩევები და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამ რჩევების პროპაგაციაში თავიანთი რელიგიური თემების წიაღში.

საგანგებო სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ქრისტიანულმა ეკლესიებმა, რადგან ევქარისტიის აღსრულება ადვილად შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების მიზეზი. ევქარისტია ყოველთვის იყო და დარჩება ქრისტიანული რელიგიური პრაქტიკის გულისგულად. ევქარიტიული პურისა და ღვინის მიღების წესის ნიუანსური ცვლილება არანაირ გავლენას არ ახდენს ევქარისტიის თეოლოგიაზე.

შექმნილ ვითარებაში რელიგიურობა და სასულიერო ტრადიციის ერთგულება უნდა გამოიხატოს არა ამა თუ იმ რიტუალის გაკაპასებულ დაცვაში, არამედ ვირუსით დაავადებული ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვაში და ადამიანის სიცოცხლის გაფრთხილებაში. ეს არის ჩვენი სამოძღვრო და სამწყემსთავრო პასუხისმგებლობის საქმე.

ფეოდალური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი დისკურსი ამ შემთხვევაში მიუღებელი, გაუმართლებელი და დანაშაულებრივია.

მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს: ეპისკოპოსებს, მღვდლებს, რაბინებს, მუფთებს, ხოჯებს, ახუნდებს, მჯევარებს, პასტორებს... ყველა სასულიერო პირს, რომ თავიანთი ავტორიტეტი თავიან რესპექტაბელურ თემებში გამოიყენონ ადამიანის სიცოცხლის გასაფრთხილებლად.

პატივისცემით,

მალხაზ სონღულაშვილი

თბილელი მიტროპოლიტი

საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია

მშვიდობის კათედრალი, დიდმარხვა, 2020".

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა. ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

ეპიდემიოლოგები და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თვითიზოლაციის, ხელების ხშირი დაბანის, მხოლოდ საკუთარი ჭურჭლის გამოყენების ინსტრუქციებს გასცემს. 2 კვირით შეწყდა სწავლა ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ასევე, დროებით გაუქმდა სპექტაკლები და გადაიდო ღონისძიებები, სადაც ბევრი ადამიანი უნდა შეკრებილიყო.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 29 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და მრევლი, ათობით ადამიანი კვლავ ერთი კოვზით ეზიარება. ეკლესია ამბობს, რომ ამას ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა "ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს".

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ერთჯერადი კოვზებით ზიარების რეკომენდაციას გასცემს, იმავეს ამბობს NCDC-ის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძეც, ამირან გამყრელიძე კი გეგმავს, ამ საკითხზე უახლოეს დღეებში პატრიარქს ესაუბრობს.

მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 86 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,900-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 79000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 53 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 6000 შემთხვევაზე, საიდანაც 86 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 42 576 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები