რუსეთი

პუტინის ინიციატივა - რუსეთის მიერ სხვა ქვეყნისთვის ტერიტორიის გაცემა არალეგალური გახდეს

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსეთის მიერ გარეშე ძალისთვის ქვეყნის ნებისმიერი ტერიტორიის გაცემა კონსტიტუციურად არალეგალური გახდეს.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში ამ ცვლილებას მიიღებენ, პუტინისთვის და მისი შემდგომი შემცვლელებისთვის, მაგალითად, უკრაინისთვის ან იაპონიისთვის ტერიტორიის დაბრუნება, არაკონსტიტუციური იქნება.

"ქმედებები, რაც მიმართული იქნება რუსეთის ტერიტორიის გადაცემისკენ და ასევე ამ ქმედების მოწოდებისკენ, დაუშვებელი იქნება," - ვკითხულობთ პუტინის კონსტიტუციური ცვლილების შემოთავაზებაში.

ამავდროულად, შემოთავაზებაში წერია, რომ შესაძლო კანონი გავლენას არ იქონიებს მეზობელ ქვეყნებთან რუსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციაზე, დემარკაციასა და რედემარკაციაზე.

აქვე ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამდებობის დაკავება შეეძლება რუსეთის 35 ან მეტი წლის მოქალაქეს, რომელსაც სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ბინადრობის უფლება არ ჰქონია.

თუმცა, გამონაკლისი დაშვებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან იმ ქვეყნებიდან, ან ქვეყნების ნაწილებიდან, რომლებიც რუსეთმა მიიტაცა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი 2014 წლის 18 მარტს მოაწერა. რუსეთს ასევე ტერიტორიული დავა აქვს იაპონიასთან საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადაო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილიის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის. რუსეთს ასევე ოკუპირებული აქვს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ტერიტორიები, არაერთ მეზობელთან ტერიტორიული, სასაზღვრო დავა აქვს.

კომენტარები