საარჩევნო სისტემა

ბოკერია ოცნების წინადადებაზე: ეს ვირეშმაკობები მდინარაძემ აირჩიოს თავის გუნდთან ერთად

ტაბულა

"მაგ ორი ვარიანტიდან თვითონ აირჩიოს, ჩვენ მაქედან არ ვირჩევთ," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს პასუხობს, რომელმაც დღეს თქვა, რომ ოპოზიციამ აირჩიოს ორი ვარიანტიდან რომელი ურჩევნია, ან 100/50, ან 110/40.

ბოკერიას თქმით, ოპოზიციის მიზანია, რომ დაამარცხოს რეჟიმი ნებისმიერ პირობებში, ისე რომ ქვეყანას ნაკლები ზიანი მიადგეს. 

"ეს სისულელეები და ვირეშმაკობები მდინარაძემ აირჩიოს თავის გუნდთან ერთად და მერე მიუტანოს თავის უფროსს ივანიშვილს, რომ ეს ავირჩიეთო. ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს," - ამბობს ბოკერია.

ბოკერია ამბობს, რომ ამ ვარიანტებს ოპოზიცია იმ შემთხვევაშიც არ დათანხმდება, თუ ივანიშვილი მეორე პირობას შეასრულებს და პოლიტპატიმრებს გამოუშვებს. 

"პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო ივანიშვილმა, როგორც რეაქცია საზოგადოების პროტესტზე, მაგრამ ამ პროტესტის ძირი იყო ის, რომ დადო პირობა და მერე ხალხი გადააგდო. იმ პირობაში, რაც დადო ეს პასუხები არც ერთ პრობლემას არ პასუხობს, ისევ არის ჩვეულებრივი, იგივე არჩევნები. გინდა 110/40 გააკეთოს, 100/50, გინდა დღევანდელი [77/73], საზოგადოების დაკვეთაა მათი დამარცხება და ოპოზიცია მას დაამარცხებს, იმას კი არ ნიშნავს, რომ გვეშინია მისი, ოღონდ ამას ჩვენ არ გავასაღებთ და ვერც გავასაღებთ, როგორც ხალხის წინაშე დაპირების შესრულებას. ვინ ჭამს ახლა მაგას?!," - ამბობს ბოკერია. 

რაც შეეხება ბარიერის დაწევის საკითხს, რომელზეც დღეს ასევე ილაპარაკა მამუკა მდინარაძემ, ბოკერია ამბობს, რომ "ოცნებას" შეუძლია დაწიოს ბარიერი, თუ უნდა და ამას ოპოზიცია მხარს დაუჭერს, თუმცა ეს არ არის ის, რასაც ივანიშვილის საზოგადოებას დაპირდა და არ ცვლის ვითარებას. მისივე თქმით, ბარიერის დაწევა ოპოზიციის ერთიანობას არ დაშლის. 

"იმ პარტიებისაც კი, ვისაც აწყობს დაბალი ბარიერი და მე მათი მესმის, მათი გზავნილიც იგივეა, რომ ვითარების ნორმალიზაციას ესეთი რაღაცები არ უშველის. დაწიონ, კი ბატონო. მაინც იქნება ერთიანი პოზიცია, იმიტომ რომ საზოგადოების დაკვეთას ასრულებს პოლიტიკური სპექტრი, ძირითადად, გამონაკლისების გარდა. ეს დაკვეთა არის მარტივი, ყველას უნდა სიმშვიდე და ნორმალური არჩევნები და ყველა ხედავს, რომ ივანიშვილი არის პოლიტიკური ჭირი, რომელიც მშვიდობიანად უნდა მოვიშოროთ," - ამბობს ბოკერია. 

რაც შეეხება მაჟორიტარული ოლქების დაყოფას, მდინარაძემ თქვა, რომ 40-ზე ნაკლებ მაჟორიტარულა ოლქად ქვეყანა ვერ დაიყოფა გეოგრაფიულადაც კი, ბოკერია უმრავლესობას სთავაზობს, რომ დღევანდელი 73 ოლქიდან თანაზომადი სამ-სამი ოლქი გააერთიანონ და დაახლოებით 25 ოლქი გამოვა. ბოკერია ასევე იხსენებს, რომ 2016 წელს "ოცნებამ" ისეთი სოფლები გააერთიანა ერთ ოლქში, რომლებსაც საერთო საზღვარიც კი არ ჰქონდათ და ასევე რაიონებს სოფლები გამოაკლეს და სხვა ოლქებს მიუერთეს, რომ თანაზომადი გამოსულიყო. 

ბოკერია ასევე ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების სიტყვას ფასი არ აქვს და ისინი "პოლიტიკური მასხარები" არიან.

"ჯერ იძახდნენ პროპორციული გვინდა და კარგიაო, მერე იძახდნენ პროპორციული კატასტროფაა ქვეყნისთვისო, მერე იძახდნენ საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი გამორიცხულიაო, მერე თქვეს 100/50 დედას ვფიცავართ ბოლოაო, ახლა ამბობენ 110/40. ჯერ თქვეს სამ დღეში იწურება ვადაო, ახლა ორ კვირაშიო - ისინი არიან პოლიტიკური მასხარები, მათ სიტყვას ფასი არ აქვს, არც ცუდს, არც კარგს. ერთადერთი დაჭერას რომ პირდება ოპონენტებს, მანდ ასრულებს ხოლმე ივანიშვილის სიტყვას," - ამბობს ბოკერია. 

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ჯერ არ იცი ქართული ოცნების მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის ახალი ვერსიის დეტალები, უმრავლესობის წევრების განცხადებებიდან ცხადია, რომ ის ოპოზიციური გაერთიანებისთვის მიუღებელი იქნება. მდინარაძემ თქვა, რომ მხოლოდ ორი ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ოპოზიციამ სასურველი სისტემა, ან 100/50 ან 110/40.

"ოცნებაში" ამბობენ, რომ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. ამ ვერსიაზე უმრავლესობის წევრებმა 1 მარტს ქართული ოცნების ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. 

ამ ორი ვარიანტიდან კი რომელზეც მდინარაძე საუბრობს, 100/50 და 110/40 ოპოზიციისთვის ორივე მიუღებელია და ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ვარიანეტები არ აკმაყოფილებს 40%-ის პრინციპს.

40%-ის პრინციპზე ოპოზიციურმა პარტიებმა 11 თებერვალს ისაუბრეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში, რაზე საუბარსაც მმართველი გუნდის ლიდერები თავს არიდებენ. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

კომენტარები