რასისტული ძალადობა

"ჩემს ქვეყანაში შენი კორონავირუსი არ მინდა" - სინგაპურელ ბიჭს ლონდონში თავს დაესხნენ

Jonathan Mok/Facebook

ჯონათან მოკს, 23 წლის სინგაპურელ სტუდენტს, ლონდონში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მოკი ამბობს, მასზე თავდასხმის მიზეზი კორონავირუსი გახდა. 

როგორც სინგაპურელი სტუდენტი ამბობს, თავს ოქსფორდის ქუჩაზე, 24 თებერვალს დაესხნენ. ის იხსენებს, რომ კაცმა, რომელიც სამ ან ოთხ სხვა კაცთან და ერთ ქალთან ერთად იყო, მანამ, სანამ სახეში დაარტყამდა, კორონავირუსი ახსენა. 

მოკის თქმით, ჯგუფიდან ერთ-ერთმა მას უთხრა, რომ მის ქვეყანაში კორონავირუსი არ სურდა, შემდეგ კი ცხვირში ჩაარტყა. 

თავდამსხმელთა ჯგუფი პოლიციის მისვლისას გაიქცა.  

საავადმყოფოში გადაყვანილ სტუდენტს სახეზე მრავლობითი მოტეხილობა აღმოაჩნდა.  

"რასიზმი სისულელე არ არის, რასიზმი სიძულვილია. რასისტები მუდმივად ეძებენ საბაბს, რათა სიძულვილი გამოხატონ - კორონავირუსის ფონზე მათ კიდევ ერთი საბაბი იპოვეს", - წერს სტუდენტი. 

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 92 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 80 ათასზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 58 ქვეყანაში დადასტურდა.

ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. დაავადებულთაგან 48 448 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები