აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ჯო ბაიდენმა სუპერ სამშაბათს 14 შტატში გამართული პრაიმერიდან 8-ში გაიმარჯვა

ჯო ბაიდენი
Getty Images

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სუპერ სამშაბათს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლაში 14 შტატში გამართული პრაიმერიდან რვაში გაიმარჯვა.

ბაიდენმა მოიგო მასაჩუსეტსის, მინესოტას, ოკლაჰომას, არკანზასის, ალაბამას, ტენესის, ჩრდილოეთ კაროლინას და ვირჯინიის შტატებში.

ვერმონტის სენატორმა ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა ვერმონტში, ის ასევე ლიდერობს იუტასა და კოლორადოში სადაც ამ დრომდე ხმების 70%-მდეა დათვლილი.

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ გაიმარჯვა მეინში, კალიფორნიასა და ტეხასში. Associated Press-ის შეფასებით კალიფორნიაში, რომელიც დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე 415 დელეგატს გზავნის, ბერნი სანდერსი იმარჯვებს.

სუპერ სამშაბათს სულ 1,300 დელეგატი გადანაწილდა. დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის კანდიდატებს 1,991 დელეგატი სჭირდებათ.

ბაიდენისა და სანდერსის გარდა დელეგატების მოპოვებისათვის იბრძოდნენ მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი და მილიარდერი, ნიუ იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი. მიუხედავად ბლუმბერგის მიერ კამპანიისათვის საკუთარი ქონებიდან დახარჯული მილიონობით დოლარისა, მან გამარჯვება ვერცერთ შტატში ვერ მოიპოვა და ამ დროისათვის არსებული შედეგებით მხოლოდ 35 დელეგატი ჰყავს. ბლუმბერგმა მხოლოდ ამერიკის სამოაში გამართულ კოკუსში გაიმარჯვა. ელიზაბეტ უორენი კი საკუთარ შტატში, მასაჩუსეტსში მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა ხმების 21%-ით.

ბლუმბერგის მარცხს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"ყველაზე ხელმოცარული დღეს მინი მაიკ ბლუმბერგია. მისმა "პოლიტიკურმა" მრჩევლებმა სასეირნოდ წაიყვანეს. $700 მილიონი ჩარეცხეს და მას არაფერი აქვს სანაცვლოდ გარდა ზედმეტსახელისა - მინი მაიკი, და რეპუტაციის სრული განადგურებისა. ყოჩაღ, მაიკ!" 

სუპერ სამშაბათამდე კანდიდატურა მოსხნეს მინესოტას სენატორმა ემი კლობუშარმა და საუს ბენდის ყოფილმა მერმა პიტ ბუტიჯეჯმა. მათ მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირეს. ბაიდენმა თქვა, რომ მინესოტაში მისი გამარჯვება კლობუშარის მხარდაჭერის დამსახურებაა. გამოკითხვებით მოსალოდნელი იყო, რომ ამ შტატში სანდერსს გაემარჯვა.

კომენტარები