არჩევნები 2020

ჰარცელი: ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ვინაიდან როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება კომპრომისისთვის მზად არის.

"ჯერჯერობით ნათელი არაა, რა იქნება, მაგრამ კარგია, რომ ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან, მზად არის, რომ განსაზღვრული ნაბიჯები გადადგას და კომპრომისზე წავიდეს. არსებობს სხვადასხვა სცენარი იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. არაფერი არ არის გარანტირებული, მაგრამ შეთანხმება თუ შედგება, ეს იქნება ძალიან დიდი სიკეთის მომტანი ქვეყნისთვის. ეს წარმატება დიალოგში საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იქნება ნიშანი, რომ საქართველოში მიმდინარეობს ცვლილებები, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სირთულეები ჯერ კიდევ არსებობს”, – თქვა კარლ ჰარცელმა. კომენტარის თარგმანი ტვ პირველმა გაავრცელა.

მანდატების რა პროპორციებით გადანაწილების წესით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

ოპოზიციას არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა სურს. ოპოზიციური პარტიები 40%-იან პრინციპზე საუბრობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

ხელისუფლებისთვის ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ეს ვარიანტი მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ 40-ზე ნაკლებ ოლქად საქართველოს დაყოფა შეუძლებელია, შესაბამისად, 20 ოლქის შექმნა ვერ მოხერხდება. "ოცნებაში" ამბობენ, რომ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს.

კომენტარები