კორონავირუსი

იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

partner.sciencenorway.no

იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. ის რომის საავადმყოფოში იმყოფება. საქართველოს მთარობის ცნობით, ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მიაწოდა.

"იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა რომის ერთერთ კლინიკაში გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს დაუდგინდა კორონავირუსი. მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. მინისტრის განცხადებით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზეა როგორც თავად პაციენტთან, ასევე მისი ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან" - აცხადებს საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დღეს, 4 მარტს გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, მათ რაიმე გართულებები არ აქვთ. ამ ეტაპზე კარანტინში 100-ზე მეტი ადამიანი რჩება.

იტალია ამ დრომდე რჩება ახალი კორონავირუსის გავრცელების ერთერთ რისკ-ქვეყნად. დაინფიცირებულთა რაოდენობა 2500-ს აჭარბებს. გარდაიცვალა 79 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 160.

კომენტარები