ლგბტქ უფლებები

"პედერასტია", "ჰომოსექსუალური გადახრები" და "სადიზმი" სამედიცინო უნივერსიტეტის წიგნებში

"პედარასტია", "აქტიური პედარასტი", "პასიური პედარასტი", "გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი", "ჰომოსექსუალიზმის ცოდვა", "ფარული ჰომოსექსუალური გადახრები" - ეს და სხვა ტერმინები სამედიცინო უნივერსიტეტის იმ სახელმძღვანელოებშია, რომლებითაც სტუდენტებს ასწავლიან.

საუბარია ბესარიონ კილასონიას წიგნზე "სასამართლო მედიცინა", რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის ძველ რედაქციას ეყრდნობა და და ბელა მამუკაშვილის "ბიოეთიკაზე". ორივე სახელმძღვანელო სავალდებულო სასწავლო ლიტერატურაა.

პირველ სახელმძღვანელოში ტრანსსექსუალობა განმარტებულია, როგორც "სქესობრივი თვითშეგნების დარღვევა" და "სადიზმი", მეორეში კი მითითებულია, რომ "ხელოვნური აბორტის ყოველი შემთხვევა უნდა შევაფასოთ როგორც ბოროტება".

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ამ წიგნებში არსებული ჩანაწერები ადამიანის უფლებათა განმარტების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ ეს ხელს უშლის საგანმანათლებლო სფეროში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის განმტკიცებას და ვერ უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების გაცხადებული მიზნების მიღწევას.

"სასწავლო მასალაში კონკრეტული პირთა ჯგუფისადმი მკვეთრად უარყოფითი კონოტაციის მატარებელი სიტყვების ან/და მოძველებული ინფორმაციის/ტერმინების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სტუდენტებში ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მიმართული ღირებულებების ჩამოყალიბებას. საზოგადოების ნაწილში არსებული ფობიები და სტიგმები მნიშვნელოვნად ასაზრდოებს მათ შორის სხვადასხვა დაუცველ ჯგუფთა მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას (მაგალითად, აივ-დადებითი ადამიანების, ლგბტ+ თემის წევრების მიმართ). განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოყენებული სამედიცინო ლიტერატურა შეიცავს ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო და სტერეოტიპებზე დამყარებულ შინაარსს, ვინაიდან პროფესიულ წრეებში ჰომოფობიური განწყობების გაღვივება, შესაძლოა, შემდგომში, მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისას უთანასწორო მოპყრობის წინაპირობაც გახდეს", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების მიღებისას ადამიანის უფლებებთან შესაბამისი შინაარსის სახელმძღვანელოების გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ცოდნის მიღების შედეგად, სტუდენტი არამხოლოდ სრულყოფილად უნდა ფლობდეს აღწერილ ინფორმაციას, არამედ თავადაც მზად უნდა იყოს უფლებათა დასაცავად კონკრეტული ქმედებების განსახორციელებლად.

დოკუმენტში, რომელიც სახალხო დამცველმა გაავრცელა, მითითებულია უნივერსიტეტის პოზიციაც. ომბუდსმენი წერს, რომ ბესარიონ კილასონიას წიგნთან მიმართებით მოძველებული საკანონმდებლო ჩანაწერების გამოყენების პრობლემურობა და მისი განახლების საჭიროება დაადასტურეს. თუმცა, მიუხედავად მზაობისა, რომ კონკრეტულ ქვეთავებთან მიმართებით მომზადდებოდა განახლებული მასალები და დაურიგდებოდა სტუდენტებს, სახალხო დამცველისთვის ბუნდოვანია უკვე მოხდა თუ არა ეს და ამ დროისთვის რა მასალებით სწავლობენ სტუდენტები. რაც შეეხება ბელა მამულაშვილის "ბიოეთიკას", სახალხო დამცველი ამბობს, რომ რეკომენდაციები უნივერსიტეტს გადაუგზავნეს, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

სახალხო დამცველი მიმართავს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს, მიმდინარე სასწავლო წლის ფარგლებში უზრუნველყონ ადამიანის ძირითად უფლებებთან შესაბამისი სასწავლო მასალის გამოყენება. რეკომენდაციებს შორისაა სახელმძღვანელოების არსებულ რედაქციებზე ცვლილებების მომზადება და სასწავლო პროცესში დანერგვა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სავალდებულოდ სასწავლო სახელმძღვანელოების შესაბამისობა ადამიანის ძირითად უფლებებთან სახალხო დამცველის აპარატმა თანასწორობის მოძრაობისა და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) განცხადებების საფუძველზე შეისწავლა.

კომენტარები