საარჩევნო სისტემა

პაატა ზაქარეიშვილი: ქართული ოცნება უკვე ცნობილია, როგორც გადამგდები პარტია

პაატა ზაქარეიშვილი
ტაბულა

ქართული ოცნების ხელისუფლების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგება, თუმცა მისივე თქმით, ეს შეთანხმება რომ შედგეს, ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნებოდა. 

"ჯერჯერობით პოზიციები ისეა დაპირისპირებული, რომ არ ჩანს, როდის მოხდება ეს გარღვევა, ბოლო წვეთი როდის იქნება,"- თქვა პაატა ზაქარეიშვილმა ტვ პირველის ეთერში. 

ყოფილი მინისტრის თქმით, მანდატების განაწილების მხრივ, მისთვის უფრო დამაჯერებელია ოპოზიციის წარმომადგენლების არგუმენტაცია, რომლებიც 110/40-ზე პრინციპს ეარ თანხმდებიან. 

"ქართული ოცნება უკვე ცნობილია, როგორც გადამგდები პარტია. უცხოეთში და ყველგან. ქართულ ოცნებას სჭირდება რაღაც ფორმით ლეგიტიმაცია მოახდინოს თავისი ამ შეფასების და როგორმე თქვას, როგორც ბიძინა ივანიშვილმა, რომ ხელი არაფერზე მომიწერია, რა გინდათ ჩემგანო? თუ ახლა ხელი მოეწერა რაღაცას, ქართული ოცნება იტყვის, რომ რა გინდათ, ჩვენ უკვე გამართლებულები ვართ, უკვე ჩვენ გვეპატია... ანუ ქართულ ოცნებას აწყობს მაინც, რომ რაღაც შედეგზე გავიდეს, რათა არჩევნებზე არ მივიდეს, როგორც გადამგდები და ფარისეველი პარტია,"- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. 

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები ჩაიშალოს და არჩევნები არსებული შერეული პრინციპით ჩატარდეს, სადაც ოპოზიციამ უკვე უნდა დაიწყოს მობილიზაცია მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების დაყენებაზე. 

"პოლიტიკური პატიმრების თემა როგორ იქნება? როგორ გამოვლენ ამ ვითარებიდან? მეც კი, რომელიც ძალიან მკაცრად ვუყურებ ცნება "პოლიტიკურ პატიმარს" და ძალიან იშვიათად ვიყენებ ხოლმე ამ სიტყვას, უგულავას საქმეს აშკარად პოლიტიკური სარჩული აქვს,"- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. 

კომენტარები