საარჩევნო სისტემა

ხიდაშელი მოლაპარაკებებზე: ივანიშვილი კიდევ ერთხელ გადააგდებს ქვეყანას, ბერაიები არ დაილევა

ტაბულა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მთელი ის "არითმეტიკა", რითიც ქართული ოცნებაა დაკავებული საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში, სინამდვილეში ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, თუ რა ტიპის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. 

ხიდაშელი ქართული ოცნების ხელისუფლებას "აბსოლუტურად მშიშარა და გადაწყვეტილება-უუნაროს" უწოდებს. 

"ამ ხელისუფლებას არ შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება და მიუხედავად იმ უზარმაზარი კრიზისისა, რაც ქვეყანაში დგას, არ შეუძლია ოდნავ მაინც გასცდეს იმ ძალიან ვიწრო, მათემატიკურ ინტერესს, რომ 17-ით მეტი თუა და 13-ით ნაკლები თუა და 23.0017 თუ არის, მაშინ, არიქა დავიღუპეთ და ხელისუფლებაში აღარ ვიქნებით. სამარცხვინოა, როდესაც ასეთი ხელისუფლება გვყავს,"- ამბობს თინა ხიდაშელი ტვ პირველის ეთერში. 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იმავე ეთერში ოპოზიციაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ძალიან ახლოსაა ოპოზიცია, რომ აბსოლუტურად იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს და მაგალითად, მისნაირი ადამიანებისგან ასევე შეფასდეს. ხიდაშელი ამბობს, რომ 2012 წელს ქართული ოცნების ირგვლივ გაერთიანებულმა კოალიციამ, რომლის წევრიც მისი პარტიაც იყო, სწორედ ამ სისტემით დაამარცხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება. 

"მე პირადად დღეს რომ პოლიტიკაში ვიყო, დიდი ხანი ვიქნებოდი გასული მოსახლეობასთან და საარჩევნო კამპანია დაწყებული მექნებოდა,"- თქვა თინა ხიდაშელმა. 

მის ამ რეპლიკას იმავე ეთერში მჯდომი თავისუფალი დემოკრატების ერთერთი ლიდერი ნინო გოგუაძე გამოეხმაურა, რომელიც ასევე იყო 2012 წელს კოალიციის წევრი და თქვა, რომ მათ მაშინ კამპანია 27 მაისს დაიწყეს და იქამდე ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს დრო კამპანიის ჩატარებისთვის. 

ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ჯამურად მთელ ოპოზიციას ერთმნიშვნელოვნად შეუძლია ეს ხელისუფლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ბეჭებზე დადოს". 

"ამის ყველა პირობა არსებობს, ყველა შესაძლებლობა არსებობს და ზუსტად იმ მოდელით მოუგოს, რომლითაც ხელისუფლება ასე გამწარებული ითვლის არითმეტიკა, მაგრამ ჯერჯერობით ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მომგებიან პოზიციაშია იმიტომ, რომ ისინი აჩვენებენ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღებისკენ მიმავალ ყველა მცდელობას, ყველა გზას აჩვენებენ ხელისუუფლებას, რამდენი პროექტი შესთავაზეს სახელმწიფოებრივი აზროვნების, ქვეყანა რომ უფრო მნიშვნელოვანია ამის კლასიკას აჩვენებს ოპოზიცია,"- ამბობს თინა ხიდაშელი. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება ამჯერადაც არ შეასრულებს დაპირებას და რა მოდელზეც არ უნდა დასთანხმდეს ოპოზიციას, კიდევ ერთხელ გადააგდებს. ხიდაშელის განმარტებით, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ახალი მოდელი ე.წ 40%-იანი ჩამკეტით თვისებრივად იგივეა, რაც გერმანული მოდელი იმ განსხვავებით, რომ გერმანულ მოდელს საკონსტიტუციო ცვლილება არ სჭირდება. 

"გერმანულ მოდელზე რომ არ თანხმდებიან და საკონსტიტუციო ცვლილებით რომ უნდათ იმავეს გაკეთება, ეს ხომ პირდაპირ იმის ფორმულაა, რასაც მე ვამბობდი ბიძინას დაპირების დროს,"- თქვა თინა ხიდაშელმა. 

ყოფილი მინისტრის თქმით, როდესაც მთელი საქართველო "აჟიტირებული" იყო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო იმაზე ლაპარაკობდა, "ვისთან შეკრავდა კოალიციას" თავად ყველა ეთერში დადიოდა და ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხალხს გადააგდებდა და პროპორციულ საარჩევნო სისტემას არ მიიღებდა. 

"ახლაც ზუსტად იმავე აზრზე ვარ, ახლაც ზუსტად ამას ვფიქრობ. საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩამოკიდება იმის, რაც გერმანული მოდელით საკონსტიტუციო ცვლილებით მიიღწევა, ჩემთვის პირადად არის იმის ნიშანი, რომ ივანიშვილი უყურებს. ახლა ინიცირება მოხდება, წინ 3 თვეა, ამ 3 თვეში შეაფასებს მოვლენებს, უყურებს, როგორ განვითარდება ვითარება და რა, ერთხელ და ორჯერ გადაუგდია ეს ქვეყანა? კიდევ ერთხელ და მორიგჯერზე გადააგდებს. ბერაიები არ დაილევა ამ პარლამენტში,"- თქვა თინა ხიდაშელმა. 

ხელისუფლების ბოლო ინიციატივის თანახმად, მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათივე განმარტებით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ამაზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. ქართულ ოცნებაში ასევე ამბობენ, რომ მაჟორიტარული ოლქების მინიმალური რაოდენობა, რომელზეც შესაძლოა, დათანხმდნენ, 40 მაჟორიტარია. 

იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, ქართული ოცნების ეს მოდელი მიუღებელია, რადგან მათ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა სურთ. 

ოპოზიციური პარტიები 40%-იან პრინციპზე საუბრობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

კომენტარები