სირია

სირიელი მამა-შვილი, რომელთა თამაში დაბომბვის დროს ინტერნეტში გავრცელდა, თურქეთშია

იდლიბის პროვინციაში მცხოვრები სამი წლის სირიელი გოგონა სალვა და მისი მამა, რომელიც დაბომბვის შიშს მას თამაშით და სიცილით აძლევინებდა, ამჟამად თურქეთში იმყოფებიან და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ.

მამა-შვილის ვიდეო ინტერნეტში თებერვალში გავრცელდა. მასში მამა სალვას ეუბნება, რომ დაბომბვის ხმები სინამდვილეში თამაშის ნაწილია და ყოველი ასეთი ხმის გაგონებაზე უნდა გაიცინონ. ვიდეოში ჩანს, რომ სტრესის შესამცირებლად, მამა და შვილი ყოველი ბომბის ხმის გაგონებაზე იცინიან.

"ძალიან ბევრი დაბომბვა იყო. ბავშვები იტანჯებოდნენ ფსიქოლოგიური პრობლემისა და ნერვული შეტევებისგან. მე მოვძებნე გამოსავალი, როგორ მექცია დაბომბვის ხმები სიხარულის წყაროდ და არა შიშის გამომწვევად ბავშვებისთვის", - უთხრა მამამ Independet-ს.

გასულ კვირას სალვას და მის მშობლებს იდლიბის პროვინციიდან თავის დაღწევაში და თურქეთში მშვიდობიანად გადასვლაში თურქეთის მთავრობა დაეხმარა. ისინი სამხრეთ თურქეთში, რეიჰანლის მიგრანტთა ბანაკში გადაიყვანეს.

იდლიბის პროვინციაზე რუსეთის მხარდაჭერით ბაშარ ალ-ასადის ძალები თავდასხმას აგრძელებენ. რუსეთისა და სირიის მთავრობის ძალების თავდასხმის ობიექტები ხდება საავადმყოფოები და სკოლები. მხოლოდ მიმდინარე წელს თავდასხმებს 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები. გაეროს მონაცემებით ეს მსხვერპლი 93% შემთხვევაში სირიის მთავრობისა და მისი მოკავშირის, რუსეთის თავდასხმებითაა გამოწვეული. იდლიბზე თავდასხმის განახლების გამო საცხოვრებლის მიტოვება მოუწია მილიონზე მეტ ადამიანს, რამაც მიგრანტთა ახალი ტალღა წარმოქმნა. თურქეთში ამ დროისთვის უკვე 3.6 მილიონი სირიელი მიგრანტია. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ქვეყანა ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდება და მიგრანტებს ევროპის ქვეყნებისაკენ საზღვრები გაუხსნა.

კომენტარები