აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

სუპერ სამშაბათს სანდერსის დამარცხების ფონზე, საფონდო ბირჟების ინდექსი მკვეთრად გაიზარდა

Reuters

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერის დროს, ე.წ. სუპერ სამშაბათს ჯო ბაიდენის გამარჯვების ფონზე ამერიკული საფონდო ბირჟების ინდექსი მკვეთრად გაიზარდა. 

სუპერ სამშაბათს დემოკრატიული პარტიის წევრებმა 14 შტატში გამოავლინეს გამარჯვებული. დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის ბრძოლის ლიდერები ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსია. 

14 შტატიდან ათში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, ხოლო სამში - ბერნი სანდერსმა, ხმების დათვლის პროცესი არ არის დასრულებული კალიფორნიის შტატში. ყოფილი ვიცე პრეზიდენტის გამარჯვების ფონზე საკვანძო ამერიკულმა ინდექსებმა მკვეთრი ზრდა აჩვენა. 

კერძოდ, 4,5%-ით გაიზარდა Dow Jones, 3,8%-ით გაიზარდა NASDAQ და 4,4%-ით - S&P 500. სავარაუდოდ, აღნიშნული ზრდა ჯო ბაიდენის პოზიციებით არის განპირობებული, რომელიც ბიზნესის მიმართ გაცილებით უფრო დაბალანსებულია. ბერნი სანდერსი წლებია, გადასახადების ზრდას და მდიდრებისთვის ახალი გადასახადის დაწესებას ემხრობა.

ოპტიმიზმის საფუძველი გახდა კონგრესის გადაწყვეტილებაც, რომლითაც ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 8 მილიარდი დოლარი გამოიყო. 

კომენტარები