მაჭავარიანი კორონავირუსზე: მოვლენების შესაბამისად გვექნება მონეტარული და ფისკალური პასუხი

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კორონავირუსის შესაძლო ეკონომიკურ ეფექტებსა და მთავრობის გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი საჭიროების შემთხვევაში მზადაა, შეარბილოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა ეკონომიკისთვის სტიმულის გაჩენის მიზნით.

"იმისდა მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები, ჩვენ გვექნება როგორც მონეტარული, ისე ფისკალური პასუხი ამაზე სტიმულირების კუთხით."

მაჭავარიანი არ აკონკრეტებს, რა მექანიზმი შეიძლება, მთავრობამ გამოიყენოს და ამბობს, რომ მისი აზრით, ამის საჭიროება საერთოდ არ დადგება:

"იმისდა მიხედვით, რამდენად მძიმე იქნება, მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე შეიძლება, ვიფიქროთ. შეიძლება, ასევე, ვიფიქროთ რაღაც ტიპის ფისკალურ სტიმულზე. თუმცა ამ ეტაპზე, მემგონი, ეს არ დაგვჭირდება."

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრი საუბრობს ტურიზმის სექტორისთვის მოსალოდნელი რისკების შემცირებაზეც:

"იცით, რომ ჩვენი ეკონომიკის წამყვანი მიმართულება ტურიზმია. შესაბამისად, ამ მხრივ ჩვენ ამ საკითხებს ეკონომიკის სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ვაანალიზებთ."

საქართველოში უკვე კორონავირუსის ოთხი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა, სამშობლოში კვირას დაბრუნდა, სიმპტომები კი მოგვიანებით განუვითარდა.

რაც შეეხება სამ პირს, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ, გამყრელიძის თქმით, მათი მდგომარეობა კლიიკურად დამაკმაყოფილებელია და დაავადების პროგრესირება არ აღინიშნება.  

ორი ადამიანი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

 

კომენტარები