მაჭავარიანი: თუ გნებავთ, რომ მაქსიმალურად თავი დავიცვათ, საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები

საქართველოს მთავრობა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იტალიიდან ფრენების შეწყვეტის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მთავრობა ამ საკითხს განიხილავს, თუმცა ამგვარად კორონავირუსის შემოსვლის თავიდანა ცილება გარანტირებული არაა:

"იტალიის მიმართულებაც შედარებით მაღალრისკიანია, თუმცა კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს [ფრენების შეწყვეტა] არის რისკების შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა რეალურად, შეიძლება, აბსოლუტურად სხვა მიმართულებიდან შემოვიდნენ [დაინფიცირებულები].

თქვენ თუ გნებავთ, რომ მაქსიმალურად თავი დავიცვათ, მაშინ საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები და ძალიან ძვირი ფასი იქნება გადახდილი." - ამბობს მაჭავარიანი.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა ამჯობინებს, ინდივიდუალურად გადაამოწმოს რისკის მქონე პირები, ნაცვლად იმისა, რომ ფრენები საერთოდ აიკრძალოს:

"გვირჩევნია, ინდივიდუალურად შევამოწმოთ, რისკები დავთვალოთ, შემდგომში რომ მონიტორინგი შევძლოთ აქ ჩამოსული ადამიანების, ვიდრე ასე ავდგეთ, მოვჭრათ და ბევრი მიმართულება გადავკეტოთ."

საქართველოში უკვე კორონავირუსის ოთხი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა, სამშობლოში კვირას დაბრუნდა, სიმპტომები კი მოგვიანებით განუვითარდა.

რაც შეეხება სამ პირს, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ, გამყრელიძის თქმით, მათი მდგომარეობა კლიიკურად დამაკმაყოფილებელია და დაავადების პროგრესირება არ აღინიშნება.  

ორი ადამიანი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

კომენტარები