რუსეთი

რუსეთში ნავალნის ფონდი სოც. მედიაში უცხოეთის აგენტად თავად არ ცნობის გამო დააჯარიმეს

NYT

5 მარტს რუსეთის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული სააგენტო, სოციალურ მედიაში უცხოეთის აგენტად თავად არ ცნობის გამო, 500 000 რუბლით (7 535 აშშ დოლარი) დააჯარიმა. 

გასული წლის ოქტომბერში, ზაფხულის ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნავალნის ანტიკორუფციული სააგენტო უცხოეთის აგენტთა სიაში  ოფიციალურად შეიყვანა. 

დამოუკიდებელი რუსული მედიის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს დაჯარიმების მიზეზი გახდა ის, რომ მას Instagram-ზე საგარეო აგენტი არ ეწერა. ინფორმაციას ნავალნის სპიკერიც ადასტურებს.

2012 წელს მიღებული კანონით, რუს მაღალჩინოსნებს შეუძლიათ, უცხოეთის აგენტთა სიაში შეიყვანონ ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსებას - ამ სიაში მოხვედრილებმა რეგულარულად უნდა წარადგინონ ინფორმაცია დაფინანსების წყაროს, ხარჯების, მმართველების შესახებ.

ნავალნის ფონდის წინააღმდეგ გამოძიება აგვისტოში დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ფონდი უცხო პირებისგან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხებით ფინანსდებოდა. საუბარია, 1 მილიარდ რუბლზე, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბანკომატებისა და ინტერნეტ ბანკების მეშვეობით, ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხა.

ოქტომბერში ანტიკორუფციული სააგენტოს უცხოეთის აგენტთა სიაში შეყვანას ფონდის დირექტორი ივან ჟდანოვი გამოეხმაურა და თქვა, რომ ფონდი რუსი მოქალაქეების შემოწირულობებით ფინანსდებოდა და უცხოეთიდან დაფინანსებას არ იღებდა - "ფონდის ყველა საქმიანობა გამჭვირვალეა". ჟდანოვის თქმით, ამ გზით მთავრობას სურდა, ფონდის საგამოძიებო საქმიანობისთვის ხელი შეეშალა. 

მალევე მათი ორგანიზაციის და რამდენიმე თანამშრომლის საბანკო ანგარიშები გაყინეს. 3 მარტს ნავალნის, მის ცოლს, შვილებს, მშობლებს და ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსს ჟდანოვს, ოჯახის წევრებთან ერთად, ანგარიშები ყოველგვარი ახსნის გარეშე გაუყინეს.

სამოქალაქო აქტივისტები აკრიტიკებენ კანონს, როგორც კრემლის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილთა გასაჩუმებლად შექმნილს. ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს თქმით, კანონი მოქალაქეების სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას არღვევს. 

ბოლო თვეების განმავლობაში ნავალნის ანტიკორუფციულ სააგენტოში პოლიცია ორჯერ შეიჭრა. ზაფხულში,  მოსკოვში მიმდინარე აქციების დროს, ალექსეი ნავალნი და სხვა რუსი ოპოზიციონერები არაერთხელ დააპატიმრეს.

კომენტარები