გიგი უგულავა

ვაშაძე უგულავას წერილზე: ძალიან ღირსეული განცხადებაა უგულავას მხრიდან

ახალი საქართველო

"ეს არის ძალიან ღირსეული განცხადება გიგი უგულავას მხრიდან, მე მხარს ვუჭერ ამ განცხადებას", - ასე აფასებს "ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას ციხიდან გავრცელებულ წერილს.  

ვაშაძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის მიუხედავად, თუ პარლამენტში საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით "ადეკვატური ინიციატივა" იქნება, ოპოზიცია ამას მხარს დაუჭერს.

"ვფიქრობ, ამას შესაბამისი გამოხმაურება უნდა ჰქონდეს ოპოზიციური დეპუტატებისგან, ვინც პარლამენტშია. თუ ეს იქნება 130-20, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს პროპორციულ მისწრაფებას, მაშინ აუცილებლად მხარდაჭერა უნდა მოხდეს ასეთი წინადადების, თუმცა ეს არ ნიშნავს 110-40 მხარდაჭერას", - თქვა ვაშაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

უგულავამ საპატიმროდან წერილი დღეს, 5 მარტს გაავრცელა. 

უგულავა წერს, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი "გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება". 

ხელისუფლების ბოლო ინიციატივის თანახმად, მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათივე განმარტებით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ამაზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. ქართულ ოცნებაში ასევე ამბობენ, რომ მაჟორიტარული ოლქების მინიმალური რაოდენობა, რომელზეც შესაძლოა, დათანხმდნენ, 40 მაჟორიტარია. 

იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, ქართული ოცნების ეს მოდელი მიუღებელია, რადგან მათ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა სურთ. 

ოპოზიციური პარტიები 40%-იან პრინციპზე საუბრობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

კომენტარები