სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

ICC-ს გადაწყვეტილებით ავღანეთის კონფლიქტში ომის დანაშაულების თაობაზე გამოძიება დაიწყება

Getty Images

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ავღანეთის კონფლიქტში ომის დანაშაულების თაობაზე გამოძიების დაწყების შესახებ. სასამართლომ შეცვალა წინა გადაწყვეტილება, რომლითაც მეორე პალატამ უარი თქვა ავღანეთში კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულების გამოძიების დაწყებაზე. მაშინ მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ავღანეთში არსებული სიტუაციის გამოძიება სამართლის ინტერესებს არ ემსახურებოდა.

მოსალოდნელია, რომ სასამართლო განიხილავს 2003 წლის მაისიდან ავღანეთში მთავრობის, თალიბანის და აშშ-ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს.

აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმომწერი არ არის და არ აღიარებს მის უფლებამოსილებას ამერიკის მოქალაქეებზე. ავღანეთი სასამართლოს წევრია.

2003 წლის პირველი მაისის შემდეგ ავღანეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამოძიების დაწყება პროკურორმა 2017 წლის 20 ნოემბერს მოითხოვა. გამოძიება ასევე შეისწავლიდა 2002 წლის პირველი ივლისიდან მომხდარ დანაშაულებს.

გასულ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, რომელიც ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებებს იძიებდა, ქვეყანაში შესასვლელი ვიზა გაუუქმა.

აშშ-მ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო(ICC) არაერთხელ გააფრთხილა შეეწყვიტა აღნიშნული გამოძიება. გასულ თვეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ სასამართლოს პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ მკაცრ სანქციებს აამოქმედებდა. მაგალითად, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, ანგარიშების გაყინვა და სხვა.

კომენტარები