ტაივანი

აშშ: ტაივანის გლობალური ჩართულობისთვის ჩვენ მცდელობებს გავაორმაგებთ

Asia Times

ამერიკელმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინგ-ვენს უთხრა, რომ ტაივანის გლობალური ჩართულობისთვის აშშ მცდელობებს გააორმაგებდა

ჩინეთი, რომელიც ტაივანს მის ნაწილად, ერთერთ პროვინციად მიიჩნევს, მუდამ ცდილობს, რომ ტაივანის ნებისმიერი საერთაშორისო ჩართულობა შეზღუდოს. ჩინეთი თვლის, რომ საერთაშორისოდ კუნძულის 23 მილიონიანი მოსახლეობის წარმომადგენლობის უფლება მხოლოდ მას აქვს. 

ტაივანში ამერიკული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ჯეიმს მორიარტიმ განაცხადა, რომ ტაივანსა და აშშ-ს საერთო ღირებულებები ჰქონდათ. ტაივანში ამერიკული ინსტიტუტის მიზანი ვაშინგტონსა და ტაივანს შორის ურთიერთობების წახალისებაა.

მისი თქმით, ტაივანის გლობალური ჩართულობის საჭიროება კორონავირუსის გავრცელებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მან კორონაირუსის საპასუხოდ ტაივანის მიერ მიღებული ზომები შეაქო. მისი თქმით, ამ დაავადების შეკავებისთვის ტაივანის მიერ გამჭვირვალობასა და ფაქტებზე დაფუძნებული მიდგომა კუნძულის დემოკრატიული სისტემის სიძლიერე ამტკიცებს - "ეს ასევე მთელი მსოფლიოსთვის ხაზს უსვამს თუ რა ღირებულების მოტანა შეუძლია ტაივანს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. მსოფლიოში ქვეყნები ტაივანის ცოდნით, გამოცდილებითა და გულუხვობით იხეირებენ".

ტაივანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი არ არის. ტაივანს ჯანმო-ს საგანგებო შეხვედრებზე არ უშვებენ. 2016 წლიდან ჩინეთის წნეხის შედეგად ტაივანს არც ყოველწლიურ ასამბლეასა და ჯანმო-ს ტექნიკურ შეხვედრებზე უშვებენ. აშშ, იაპონია და არაერთი ევროპული ქვეყანა ჯანმო-ს მოუწოდებს, რომ ტაივანი შეხვედრებზე დაუშვას. ტაივანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან ჯანმოს-გან დროულად ინფორმაციის მიღება არ შეუძლია, ჩინეთს კი ბრალს სდებს, რომ ტაივანში კორონავირუსზე ჯანმო-ს არასწორ ინფორმაციას აწვდის. ამის მიუხედავად, ამჟამად ტაივანი ჩინეთისგან დამოუკიდებლად ჯანმო-სთან პირადი კონტაქტით ცდილობს, რომ გარკვეულ ტექნიკურ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ ტაივანში ამჟამინდელი მონაცემებით, დაავადების 42 შემთხვევა დადასტურდა და 1 დაიღუპა, ტაივანი, ჯანმო-ს შეფასებით, "მაღალი რისკის მქონე" ქვეყნებში ჩინეთის გამო შედის.

ამ ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 95,748 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 80,411 კონტინენტურ ჩინეთში. მსოფლიოს მასშტაბით გამოჯანმრთელდა 53,423 პირი, ხოლო ვირუსით გარდაიცვალა 3,286 ადამიანი.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ინ-ვენი პირველად გახდა პრეზიდენტი, პეკინმა ტაივანის მოკავშირეებზე წნეხი გაზარდა და ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს, იგივე ჩინეთის რესპუბლიკას დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობა ან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ან ტაივანთან, იგივე ჩინეთის რესპუბლიკასთან დაამყაროს. ტაივანს არ აღიარებს მისი უდიდესი მოკავშირე აშშ-იც, თუმცა არაოფიციალური ურთიერთობები გააჩნია, აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ტაივანის დემოკრატიას. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ ტაივანის სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

კომენტარები