იეჰოვას მოწმეები

ანექსირებულ ყირიმში იეჰოვას მოწმეს ექსტრემიზმის ბრალდებით 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სერგეი ფილატოვი
Krymr.org

5 მარტს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში იეჰოვას მოწმეს, სერგეი ფილატოვს "ექსტრემისტული" ჯგუფის წევრობის ბრალდებით 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მისმა მხარდამჭერებმა თქვეს, რომ ფილატოვი უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიიდან, სადაც იეჰოვას მოწამეობა დასჯადი არ არის, ყირიმში, ჯანკოიში გადავიდა, რათა მისი ავადმყოფი ქალიშვილისთვის მოევლო. 

დღეს ანექსირებულ ყირიმში, კიდევ ერთ ქალაქში, იალტაში, რელიგიური ჯგუფის კიდევ ერთი წევრი არტიომ გერასიმოვი "ექსტრემისტული" აქტივობების ორგანიზებისთვის გაასამართლეს და 400 000 რუბლით დააჯარიმეს.

2017 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ რელიგიური ორგანიზაცია ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო და რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს ქადაგება აუკრძალა. 

მინისტრმა რუსეთის უზენაეს სასამართლოს მოსთხოვა, რომ დაეხურათ რელიგიური ორგანიზაციის სათაო ოფისი და 175 000 წევრისთვის აეკრძალათ "ექსტრემისტული" ლიტერატურის გავრცელება.

ამის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 80 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც რელიგიური ჯგუფის წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გასული წლის მარტში იეჰოვას მოწმეების თქმით რუსეთში, ქალაქ სურგუტში საგამოძიებო კომისიის ოფისში დაკითხვისას ისინი გააშიშვლეს, სცემეს და ელექტროშოკით აწამეს.

რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ეს არის რელიგიური დევნა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც უბრალოდ, საკუთარ რწმენას გამოხატავს. 

რელიგიური ორგანიზაცია რუსეთში 1991 წელს დარეგისტრირდა. საბჭოთა კავშირის დროს ათასობით იეჰოვას მოწმე გადაასახლეს ციმბირში. იმ დროისათვის, სხვა ქრისტიანული დაჯგუფებებიც იდევნებოდნენ.

კომენტარები