კორონავირუსი

Ryanair-ი აპრილამდე თბილისიდან მილანში ფრენებს ამცირებს, ქუთაისიდან ბოლონიაში - წყვეტს

Ryanair

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ავიაკომპანია Ryanair-ი თბილისიდან მილანში ფრენებს ერთი თვით ამცირებს, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიაში - ასევე ერთი თვით წყვეტს. Ryanair-ის განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება საქართველოს აეროპორტების თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

7 მარტიდან 8 აპრილამდე პერიოდში მილანი-თბილისი-მილანი კვირაში ორჯერ შესრულდება. აქამდე, Ryanair-ი კვირაში ოთხჯერ დაფრინავდა.

რაც შეეხება ქუთაისი-ბოლონიას, 7 მარტიდან 8 აპრილამდე პერიოდში, Ryanair-ის ყველა რეისი გაუქმდა. 8 აპრილიდან, ავიაკომპანიას ფრენები კვლავ კვირაში ორჯერ აქვს დაგეგმილი.

იტალიის მიმართულებით საქართველოდან ფრენების სიხშირე შეამცირა ავიაკომპანია Wizzair-მაც.

ჯანდაცვის სამინისტრომ 5 მარტს საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოავლინა. ხუთივე მათგანი დაკავშირებულია 4 მარტს იდენტიფიცირებულ კიდევ ერთ პირთან. ექვსივე დაინფიცირებული სამოგზაუროდ ერთად იმყოფებოდა იტალიაში და საქართველოში 1 მარტს დაბრუნდა. 

ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ჯამში 9 შემთხვევაა გამოვლენილი. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. მათგან 2 ირანში დაინფიცირდა, ხოლო 7 - იტალიაში. 

ერთის გარდა, ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა "დამაკმაყოფილებელი და კარგია".

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 3858 ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელდა 414 პირი.

ოფიციალური მონაცემებით, იტალია მსოფლიოში მესამე ქვეყანაა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთის (80 422) და სამხრეთ კორეის (6 088 შემდეგ). სიკვდილიანობის შემთხვევებით კი, მეორე ადგილზე - ჩინეთის (3013) შემდეგ). ჩრდილოეთ იტალიის რამდენიმე ქალაქში კარანტინია გამოცხადებული, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. გადაიდო არაერთი საჯარო ღონისძიება.

იტალიას მოსდევს ირანი - 3513 დაინფიცირებულით და 107 გარდაცვლილით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოუწოდებენ საქართველოს მოქალაქეებს, აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეები მაინც გაემგზავრებიან მაღალი რისკის ქვეყნებში - ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი - მათ დაბრუნების შემდეგ, ორკვირიანი თვითიზოლაცია უნდა მოახდინონ, სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი, ინფექცურ საავადმყოფოს მიმართონ.

კომენტარები