სახელმწიფო ბიუჯეტი

2020 წელს საპენიო სააგენტო ხელფასებზე 3,2 მილიონ ლარს დახარჯავს

2019 წელს დაარსებული საპენსიო სააგენტო, თანამშრომლების ანაზღაურებაზე წელს 3,2 მილიონ ლარს დახარჯავს. ამის შესახებ სააგენტოს შეთანხმებული ბიუჯეტიდან ხდება ცნობილი, რომელსაც ხელს სამი მინისტრი აწერს. 

რაც შეეხება საპენსიო სააგენტოსთვის გამოყოფილ ბიუჯეტს ის მთლიანად 5 მილიონ ლარს შეადგენს. საგულისხმოა, რომ სახელფასო ფონდიდან შტატგარეშე თანამშრომლებზე 283 ათასი ლარი დაიხარჯება. ასევე, ცნობილი ხდება, რომ საინვესტიციო საბჭოს სამი წევრის ხელფასი ამერიკულ დოლარში იქნება ფიქსირებული. 

"საინვესტიციო საბჭოს სამი წევრის ანაზღაურება თითოეულისთვის განისაზღვრა 2,500 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ორი წევრის ანაზღაურება თითოეულისთვის 1,500 აშშ დოლარის ოდენობით. გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური კურსის გათვალისწინებით", — ნათქვამია დოკუმენტში. 

დოკუმენტში, რომელსაც საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელეთან ერთად ხელს აწერს ეკატერინე ტიკარაძე, ივანე მაჭავარიანი და ნათია თურნავა განსაზღვრულია სააგენტოს მიერ გასაწევი სხვა ხარჯებიც.

კერძოდ - 240 ათასი ლარი დაიხარჯება სააგენტოს პიარ მომსახურებაზე, 80 ათასი საინვესტიციო საბჭოს წევრების მივლინებებზე, 327 ათასი ოფისის ქირაზე, 73 ათასი ინტერნეტის მომსახურებაზე, 35 ათასი საკანცელარიო ნივთებზე, 65 ათასი აუდიტზე და 72 ათასი bloomberg-ის საინვესტიციო პროგრამაზე. 

ამ დროისთვის საპენსიო სააგენტოს ანგარიშებზე აკუმულირებული თანხა 600 მილიონ ლარს აღემატება.

კომენტარები