იდლიბის პროვინცია

იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი

სირიის იდლიბის პროვინციაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმირ პუტინს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა.

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიხედვით პროვინციაში შედარებით სიმშვიდე დამყარდა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ერდოღანმა და პუტინმა ხელი გუშინ მოსკოვში მოაწერეს, მას შემდეგ, რაც ბოლო კვირების განმავლობაში იდლიბში დაპირისიპირება განსაკუთრებით გამწვავდა თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ამბოხებულებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ასადის რეჟიმის ძალებს შორის.

შეთანხმების მიხედვით უნდა შეიქმნას 6 კილომეტრიანი ზონა იდლიბის პროვინციაში გამავალი მნიშვნელოვანი მაგისტრალის M4-ის ჩრდილოეთით და სამხრეთით. მაგისტრალი ალეპოს და ლატაკიას აკავშირებს. 15 მარტიდან მაგისტრალზე პატრულირებას რუსეთის და თურქეთის ერთობლივი პატრული განახორციელებს.

მოლაპარაკებებისას ერდოღანმა ვერ მიაღწია შეთანხმებას მის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე - უკან დაეხია ასადის ძალებს ახლად აღებული ტერიტორიებიდან.

შეთანხმებაში ასევე არაა ნახსენები უსაფრთხო ზონის შექმნა, სადაც სირიელი მიგრანტები თავის შეფარებას შეძლებენ. ასადის რეჟიმის თავდასხმის შემდეგ საცხოვრებლის მიტოვება მილიონამდე ადამიანს მოუწია. თურქეთმა თქვა, რომ მიგრანტების ახალ ტალღას მარტო ვერ გაუმკლავდებოდა და ევროპის ქვეყნებთან საზღვარი გახსნა.

შეთანხმების მიღწევის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ ეს კარგი საფუძველი იქნებოდა სირიაში დაპირისპირების დასრულებისათვის, თუმცა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ინარჩუნებს უფლებას თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო ზომები მიიღოს.

შეთანხმების ძალაში შესვლამდე თურქეთში განაცხადეს, რომ იდლიბში დაიღუპა კიდევ ორი თურქი სამხედრო, რის პასუხადაც თურქეთმა საპასუხო თავდასხმა განაცორციელა, რის შედეგადაც მოკლულია 21 სირიელი ჯარისკაცი და განადგურებულია სამხედრო აღჭურვილობა.

იდლიბზე ასადის რეჟიმის თავდასხმის დაწყებიდან რეგიონში 60-მდე თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, რის შემდეგაც თურქეთმა ამბოხებულების დასახმარებლად დამატებითი ძალები და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთმა და თურქეთმა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. მსგავსი შეთანხმება შეგდა 2018 წლის სექტემბერშიც, რომლის მიხედვითაც დეესკალაციის ზონა უნდა შექმნილიყო და ამ ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

კომენტარები