20 ივნისის საქმეზე დაკავებულები

20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა

ტაბულა

20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი პირი, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

სასამართლომ დაკავებულ პირებსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. 

მათ 3-3 წლით პირობითი მსჯავრი და 2000-2000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრათ. 

რაც შეეხება მეოთხე დაკავებულს, ბესიკ თამლიანს, ის საპროცესო შეთანხმებაზე თანახმა არაა, ბრალს არ აღიარებს და და მისი საქმე ცალკე იწარმოება. 

ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი 20 ივნისის აქციის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ივლისს დააკავა, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 20 ივნისის გამოძიება ამბოხის მუხლით გაგრძელდება. 

20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა.

20 ივნისის აქციის საქმეზე ორი გამოძიებაა დაწყებული. ერთი "ცალკეულ პირებს" ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებას და პარლამენტის შტურმს ედავება, ხოლო მეორე - აქციის მონაწილეების მიმართ "ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან" ძალის გადამეტების ფაქტებს სწავლობს.

კომენტარები