კორონავირუსი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ციხეებში პაემნები 19 მარტამდე აიკრძალა

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის 5-დან 19 მარტის ჩათვლით, ვადით განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. ამის შესახბ ინფორმაციას სამსახური თავად ავრცელებს. 

განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.

"ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება. დაბოლოს, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშემოსული ბრალდებული/მსჯავრდებული განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით," - წერია განცხადებაში.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ჯამში 9 შემთხვევაა გამოვლენილი. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. მათგან 2 ირანში დაინფიცირდა, ხოლო 7 - იტალიაში. 

კომენტარები