საარჩევნო სისტემა

თალაკვაძე: ჩვენთვის პრინციპული არაა 5 მანდატი მაჟორიტარულ თუ პროპორციულ მხარეს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ მომენტისთვის ობიექტურად არსებობს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხდეს. თალაკვაძე ამბობს, რომ როცა მთავარი პრინციპები დაცულია, მანდატების რაოდენობა მეორეხარისხოვანია და პრინციპული არ არის 5-ით მეტი თუ ნაკლები მანდატი იქნება მაჟორიტარულ ან პროპორციულ მხარეს. 

"იმ პირობებში როცა ვთანხმდებით, რომ 40%-იანი პრინციპი არის საკვანძო მომდევნო არჩევნებში, ჩვენთვის პრინციპული და მთავარი არ არის ხუთით მეტი თუ ნაკლები მანდატი იქნება პროპორციულ თუ მაჟორიტარულ მხარეს," - ამბობს თალაკვაძე.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არ თანხმდება "ოცნება" 130/20 პრინციპს, თუ მანდატების რაოდენობა არ არის პრინციპული, თალაკვაძე პასუხობს:

"ჩვენთვის მიუღებელია მანდატებით და საზოგადოების ინტერესებით ვაჭრობა. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის, რომ 2020 წელს ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ გადასვლას 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე. ამისათვის ჩვენ ვითვალისწინებთ მთავარ პრინციპს და მოთხოვნას, რაც ჰქონდა ოპოზიციას. მე ვფიქრობ, დღეს მაინც მნიშვნელოვნად რჩება ჩვენი ეს პოზიცია, რომელიც 40%-იან პრინციპს უკავშირდება. მანდატების რაოდენობა პროპორციულ თუ მაჟორიტარულ მხარეს საბოლოოდ არის დამოკიდებული იმაზე, თუ საარჩევნო გეოგრაფიაში, ადმინისტრაციული ოლქების განსაზღვრაში რის საშუალებას მოგვცემ საარჩევნო საზღვრები. ეს არის განხილვის საგანი," - ამბობს თალაკვაძე.

თალკავაძე ამბობს, რომ 40%-იანი პრინციპი აუცილებლად დაცული იქნება. 

"ოპოზიციის ყველაზე მთავარი პრინციპული მოთხოვნა, რაც იყო 40%-იან ზღვართან დაკავშირებით, სადაც მათ თქვეს, რომ თუ პოლიტიკური პარტია ვერ აიღებს 40%-ს და მეტს მას არ უნდა ჰქონდეს საშუალება დააკომპლექტოს უმრავლესობა და შექმნას მთავრობა. ჩვენ ვთქვით ამაზე შემხვედრი პოზიცია. პირიქით, ჩვენთვის ეს არის პრინციპული, არასდროს გვიფიქრია, რომ ხელისუფლება 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ უნდა დააკომპლექტოს," - ამბობს თალაკვაძე.

თალაკვაძე ასევე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ყველა იმ მთავარ საკითხზე, რომელიც იყო დაყენებული ოპოზიციის მხრიდან,არის შემხვედრი და სამართლიანი წინადადებები.

"რაც შეეხება პროპორციების განაწილებას, 40%-იან პრინციპს, თუ სხვა საკითხებს, აქ მინდა ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკური, ჩვენი გუნდის პოლიტიკური პოზიცია და ხელისუფლების პოზიცია არის, რომ გამოვთქვით მზადყოფნა და დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ მზადყოფნას, რომ ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა მზად არის გადადგას გონივრული ნაბიჯები და პროპორციული არჩევნებისკენ, რომელიც 2024 წელს უნდა ჩატარდეს," - ამბობს თალაკვაძე.

თალაკვაძის თქმით, ორშაბათამდე არის დრო, რომ გაიმართოს შეხვედრა და ამ შეხვედრის ფარგლებში სცადონ საბოლოო შეთანხმების მიღწევა. თუმცა მისივე თქმით, შეხვედრა ჯერ ჩანიშნული და შეთანხმებული არ არის. 

უმრავლესობის წევრები რამდენიმე დღის წინ ამბობდნენ, რომ მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათი თქმით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს.

3 მარტს, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოპოზიციას მხოლოდ ორი ვარიანტიდან შეუძლია შეარჩიოს სასურველი მოდელი ან 100/50, ან 110/40

ამ ორი ვარიანტიდან ოპოზიციისთვის ორივე მიუღებელია და ამბობენ, რომ ეს ვარიანტები არ აკმაყოფილებს 40%-ის პრინციპს. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში.

40%-ის პრინციპზე ოპოზიციურმა პარტიებმა 11 თებერვალს ისაუბრეს, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს, როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში, რაზე საუბარსაც მმართველი გუნდის ლიდერები თავს არიდებენ. შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკებას, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის "მეორე ნაწილზე" საუბრობდა და ამბობდა, რომ მათთან შეთანხმების რესურსი არსებობს.

კომენტარები