ევროპარლამენტარების წერილი

თალაკვაძე: ევროპარლამენტარების წერილი ადასტურებს, ქვეყანას აქვს მხარდაჭერა, არის ოპტიმიზმი

საქართველოს პარლამენტი

"ეს წერილები და ეს ყურადღება ადასტურებს ერთადერთს, რომ საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა და საქართველოს მიმართ არსებობს ოპტიმიზმი და მაღალი ინტერესი," - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 26 ევროპარლამენტარის წერილს აფასებს, რომელიც მათ პრემიერ გიორგი გახარიას გამოუგზავნეს.

ევროპარლამენტარები წერილში დაჟინებით მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ დაპირებული ზომები პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად. ასევე გამოთქმულია შეშფოთება სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების კუთხით საქართველოს უკუსვლაზე.

თალაკვაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტიდან და ამერიკის კონგრესიდან პოლიტიკოსების შეფასებები, მათი წერილები, თუ მოსაზრებები ეს არის ქვეყნის მეგობრების მოსაზრება.

"მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში შეიძლება ამ წერილის ხელმომწერები არიან პირდაპირი პარტნიორები და დიდი ხნის თანამშრომლობა აქვთ ნაციონალურ მოძრაობასთან, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ, როგორც სახელისუფლებო პარტიას, დღეს გვაქვს დიალოგი ოპოზიციასთან. როდესაც დიალოგი დასრულდება და კონკრეტული შედეგები გახდება ცნობილი, მე მოველი, რომ ჩვენი კოლეგები კონგრესსა და ევროპარლამენტში ამაზე დაყრდნობით გააკეთებენ საბოლოო შეფასებებს," - ამბობს თალაკვაძე.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარებისგან წერილი მიიღო, სადაც პროპორციული არჩევნებისა და დემოკრატიული უკუსვლის გარდა, საუბარია გიგი უგულავას საქმეზე. 

წერილში წერია, რომ უგულავას საქმე აღძრავს კითხვებს იმ პროცედურების, დროისა და მოტივაციის შესახებ, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების უკან დგას.

ევროპარლამენტარები გმობენ 2019 წლის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებას და დიდი რაოდენობით ადამიანების დაშავებას. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ბოლო შერჩევისა და დანიშვნის პროცესი საკმარისად გამჭვირვალე და მერიტოკრატიული არ იყო.

26 ევროპარლამენტარის წერილში ასევე წერია, რომ სამთავრობო წყაროების დაკავშირება დეზინფორმაციულ კამპანიებთან, რაც Facebook-ის მიხედვით, სოციალურ ქსელში ათასობით ყალბ გვერდსა და ჯგუფს მოიცავდა, განსაკუთრებით იმედის გამაცრუებელია.

წერილს, რომელიც გახარიას მწვანეთა პარტიის ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ, გაუგზავნა, მწვანეების გარდა, ევროპის სახალხო პარტიის, სოციალ-დემოკრატებისა და ევროპის განახლების პარტიის წევრი 26 ევროპარლამენტარი აწერს ხელს. 

კომენტარები