ავღანეთი

ქაბულში შიიტების შეკრებაზე მომხდარ თავდასხმას 27 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 29

EPA

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შიიტურ შეკრებაზე, რომელსაც ოპოზიციის ლიდერი აბდულა აბდულაც ესწრებოდა, მომხდარ თავდასხმას 27 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 29.

აბდულა აბდულამ თავდასხმას თავი უვნებლად დააღწია.

თალიბანმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ თავდასხმასთან კავშირი არ აქვთ.

აბდულა აბდულამ ავღანეთის არჩევნების შემდეგ, შედეგების დათვლამდე თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. არჩევნებიდან 5 თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გამარჯვება კვლავ აშრაფ ღანიმ მოიპოვა. მან ხმათა 50.64% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა აბდულა აბდულამ კი 39.52%. ღანის ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნები ხარვეზების და ტექნიკური პრობლემების ფონზე წარიმართა და შედეგები გაყალბებულია.

აბუდულა აბდულა 2014 წლის არჩევნებშიც აშრაფ ღანის მთავარი კონკურენტი იყო. მაშინ ისინი ძალაუფლების გადანაწილებაზე შეთანხმდნენ და საერთო მთავრობა შექმნეს. ღანი პრეზიდენტი გახდა აბდულასთვის კი მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის პოზიცია შეიქმნა.

პარალელურად, ავღანეთის სხვადასხვა პროვინციაში, აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების მიუხედავად თავდასხმას აგრძელებს თალიბანი.

თალიბანის მებრძოლები ავღანეთის სამხედრო ძალების პუნქტს ესხმოდნენ თავს.

მხოლოდ 3 მარტს ავღანეთის მთავრობამ თალიბანი 16 პროვინციაში 33 თავდასხმაში დაადანაშაულა, მათ შორის სპილენძის მაღაროსთან მდებარე უსაფრთხოების პოსტზე, რასაც 5 ავღანელი პოლიციელი ემსხვერპლა. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 14 მშიდობიანი მოქალაქე. თალიბანს ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმება მოიცავს მომდევნო 14 თვეში ქვეყნის ტერიტორიიდან აშშ-ის და NATO-ს ჯარების გაყვანას იმ შემთხვევაში, თუ დაგჯუფება ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ავღანეთს მაისამდე 5,000 ამერიკელი სამხედრო დატოვებს, თავად კი ახლო მომავალში თალიბანის ლიდერებს შეხვდება.

თალიბანი დეკემბრიდან აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, დალმაი ხალილზადთან კატარში მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ღანის მთავრობასთან საუბარზე უარს ამბობდა, რადგან მათ დასავლეთის მარიონეტებად მიიჩნევენ.

ზაიბულა მუჯაჰიდმა თქვა, რომ მიუხედავად აშშ-სთან რამდენიმე დღის წინ მიღწეული შეთანხმებისა, ავღანეთის სამთავრობო ძალებზე თავდასხმას გააგრძელებენ. შეთანხმების მიხედვით ერთკვირიანი ძალადობის შემცირების შემდეგ თალიბანს ავღანეთის მთავრობასთან უნდა დაეწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. დაჯგუფების სპიკერის თქმით, მოლაპარაკებები ვერ გაგრძელება, თუ მთავრობის მიერ დაკავებულ დაჯგუფების 5,000-მდე წევრს არ გაათავისუფლებენ. ზაიბულა მუჯაჰიდის თქმით ბრძოლა გაგრძელდება მხოლოდ ავღანეთის მთავრობის ძალებთა და საერთაშორისო მისიებზე თავდასხმა არ მოხდება.

პატიმრების გათავისუფლება აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თქვა, რომ მის მთავრობას ამაზე თანხმობა არ განუცხადებია. მან ისიც თქვა, რომ ეს პირობა შესაძლოა განიხილონ თალიბანთან მოლაპარაკებებში, თუმცა არა როგორც მოლაპარაკებების წინაპირობა.

თალიბანის მუქარაზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ყურადღება უნდა მიექცეს არა განცხადებებს, არამედ ქმედებებს. პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე კი გენერალმა მარკ მაილიმ კი თქვა, რომ მოსალოდნელი არ არის, რომ ავღანეთში დაპირისპიება სრულად შეწყდება.

კომენტარები