პროპორციული არჩევნები

20 ივნისის საქმეზე დაკავებული: უარს ვაცხადებ შეღავათებზე, არ დათმოთ პროპორციული არჩევნები

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი ოპოზიციას მოუწოდებს, პროპორციული საარჩევნო სისტემა არ დათმოს. მისი თქმით, უერთდება გიგი უგულავას და გიორგი რურუას სულისკვეთებას. ბესიკ თამლიანის წერილი "ფორმულას" მისმა ადვოკატმა მიაწოდა.

"ვუერთდები გიგი უგულავას და გიორგი რურუას, მათ სულისკვეთებას! უარს ვაცხადებ ყველანაირ შეღავათებზე მთავრობის მხრიდან, რათა ჩვენი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება არ გახდეს ვაჭრობის საგანი! პროპორციული არჩევნების მიღწევა ბევრად მნიშვნელოვანია!

ბოლო-ბოლო სიკვდილით არავინ არ მსჯის, სხვა დანარჩენის ატანა შესაძლებელია!

ზუსტად ვიცი ერთი რამ, რისი მჯერა და მწამს. სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს და ამ სიმართლეს კანონის ძალით მაინც დავამტკიცებ, სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც ამ უსამართლო სასამართლოში!

მეგობრებო! რომ არა ჩემი ღრმა რწმენა, ჩემს სიმართლეში ასე მხნედ, ასეთი თამამი და ბრძოლისუნარიანი არ ვიქნებოდი.

ვიცი ისიც, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, არ დათმოთ პროპორციული არჩევნები. ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლუის ბრენდაისმა თქვა: "ბედნიერების საიდუმლო მხოლოდ თავისუფლებაშია, თავისუფლების ფორმულა კი - მხოლოდ გამბედაობაში“.

ნამდვილ სიმშვიდეს მხოლოდ სასჯელისადმი შიში არ ქმნის. უწყოდნენ, რაოდენ მავნეა ადამიანის არსებაში იმედის, აზრისა, რწმენის ჩახშობა. და რომ რეპრესია მარტოოდენ სიძულვილის მშობელია, რაც თავის მხრივ, ხელისუფლების სტაბილურობას ემუქრება. უსაფრთხოებისკენ მომავალი გზა სატკივნის თავისუფლად განსჯასა და გამოსავლის ძიებაზე გადის; და რომ საშველი უვარგის მმართველთა უმჯობესით შეცვლაშია“, - ნათქვამია ბესიკ თამლიანის წერილში.

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ბესიკ თამლიანს და მასთან ერთად დაკავებულებს, გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერებმა - გიგი უგულავამ და გიორგი რურუამ - ციხიდან განცხადებები 5 მარტს გაავრცელეს. ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი მეგობრებს მოუწოდებს, მასზე არ იდარდონ, შეინარჩუნონ ერთობა და ყველაფერი გააკეთონ მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად. უგულავას თქმით, არ სურს, მისი გამოშვების საკითხი ბარიერი იყოს. რაც შეეხება გიორგი რურუას, მისი განცხადებით, სასწორზე უფრო მნიშვნელოვანი რამე დევს, ვიდრე მისი უკანონო პატიმრობაა. ის სრულ ნდობას უცხადებს მეგობრებს და თანაპარტიელებს.

ხელისუფლების ბოლო ინიციატივის თანახმად, მათ შეიმუშავეს ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რომელიც მათივე განმარტებით, ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც 40% ან ამაზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. ქართულ ოცნებაში ასევე ამბობენ, რომ მაჟორიტარული ოლქების მინიმალური რაოდენობა, რომელზეც შესაძლოა, დათანხმდნენ, 40 მაჟორიტარია. 

იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, ქართული ოცნების ეს მოდელი მიუღებელია, რადგან მათ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა სურთ. 

ოპოზიციური პარტიები 40%-იან პრინციპზე საუბრობენ, რაც იმას გულისხმობს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას უნდა სჭირდებოდეს როგორც საერთო ხმების 40%-ზე არსებითად მეტის მიღება, ისე თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ პრინციპთან მანდატების, დაახლოებით, 130/20-ზე განაწილებაა თანხვედრაში.

შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები