აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიის წამყვანს, თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, წამყვანს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ტელევიზიაში განვითარებული მოვლენების გამო პროტესტში, უფლებამოსილება შეუჩერა.

კოხრეიძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით უწყდება. ამის მიზეზად დასახელებულია ის, რომ 6 მარტს, ტელევიზიის შენობაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.

რაც შეეხება თავად ფაქტს, რომელსაც ტელევიზიის ხელმძღვანელობა იკვლევს, დოკუმენტში წერია, რომ თეონა ბაკურიძე საინფორმაციოს ახალ უფროზე ფსიქოლოგიურად ახდენდა ზეწოლას.

"სამუშაო დროის პერიოდში, როდესაც ოთახში იმყოფებოდა გიორგი აბაზაძე და იწყებდა დღის გეგმის დაწერას, თ. ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას. ის ახდენდა ზეწოლად ფსიქოლოგიურად და აიძულებდა გ.აბაზაძეს განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა მისი პოზიცია", - წერია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, თეონა ბაკურიძეს 9 მარტიდან ეკრძალება შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება. დირექტორმა გადაწყვიტა, რომ ის "ჩამოშორებული იქნას ტელევიზიის ეთერიდან".

დოკუმენტში არ წერია, რამდენ ხნით შეუჩერდა უფლებამოსილება ჟურნალისტს. მითითებულია მხოლოდ ის, რომ ზომა დროებითია.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა, ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ.

მრჩეველთა საბჭოს ახალი დირექტორის შესარჩევად რამდენიმე თვე დასჭირდა, კონკურსი არაერთხელ ჩაიშალა. მეხუთე მცდელობაზე, 2019 წლის 22 ნოემბერს, დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა საშტატო განრიგის ცვლილება იყო. სწორედ მან, პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა. ზოიძე იძულებული გახდა, ტელევიზია დაეტოვებინა. კოხრეიძისვე ინიციატივა იყო რამდენიმე თანამდებობის გაუქმება, მათ შორის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატის. ამ პოსტს ტელევიზიაში მაია მერკვილაძე იკავებდა, რომელიც კოხრეიძის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. თანამდებობის დატოვება მასაც მოუწია.

კომენტარები