ევროპარლამენტარები საქართველოზე

EPP-ის ვიცეპრეზიდენტი: საქართველოში მოვლენები ნეგატიურად თუ განვითარდა, სანქციები განიხილება

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცეპრეზიდენტის, ზიგფრიდ მურეშანის თქმით, თუ საქართველოში მოვლენები ნეგატიურად განვითარდება, ევროპარლამენტში სანქციების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ევროპარალემენტარმა ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანქციები მიმართული უნდა იყოს არა ხალხის, არამედ იმ ადამიანებისკენ, ვინც ქვეყანაში ვითარებას აუარესებენ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ევროპარლამენტი ყველაფრის საქმის კურსშია, რაც ხდება ქვეყანაში. 

"ზუსტად ვიცით, როდის არ ასრულებენ იმას რაც ჩვენთან შეათანხმეს. როდის არ ფუნქციონირებს კანონის უზენაესობა, როდის ხორციელდება ზეწოლა მოსამართლეებზე და როდის არ არის სასამართლო დამოუკიდებელი. ეს ყველაფერი რეზოლუციის ნაწილია. რეზოლუციის გზავნილი კი ასეთი: ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირები საქართველოსთან, ქართველ ხალხთან, მაგრამ ველით მთავრობისგან დაპირებების შესრულებას. თუ ამას არ გააკეთებს გავაკრიტიკებთ, მაგრამ განვაცალკევებთ ქართველ ხალხს მთავრობაში მყოფი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. თუ მოვლენები ნეგატიურად განვითარდება სანქციების საკითხი განხილული იქნება, მაგრამ სანქციებმა არასდროს უნდა დააზარალოს ქართველი ხალხი. სანქციებმა უნდა დააზარალოს ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში ვითარებას აუარესებენ"- ამბობს მურეშანი

რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარებისგან წერილი მიიღო, სადაც პროპორციული არჩევნებისა და დემოკრატიული უკუსვლის გარდა, საუბარია გიგი უგულავას საქმეზე. 

წერილში წერია, რომ უგულავას საქმე აღძრავს კითხვებს იმ პროცედურების, დროისა და მოტივაციის შესახებ, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების უკან დგას.

ევროპარლამენტარები გმობენ 2019 წლის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებას და დიდი რაოდენობით ადამიანების დაშავებას. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ბოლო შერჩევისა და დანიშვნის პროცესი საკმარისად გამჭვირვალე და მერიტოკრატიული არ იყო.

26 ევროპარლამენტარის წერილში ასევე წერია, რომ სამთავრობო წყაროების დაკავშირება დეზინფორმაციულ კამპანიებთან, რაც Facebook-ის მიხედვით, სოციალურ ქსელში ათასობით ყალბ გვერდსა და ჯგუფს მოიცავდა, განსაკუთრებით იმედის გამაცრუებელია.

ევროპარლამენტარები წერილში დაჟინებით მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ დაპირებული ზომები პროპორციული საარჩევნო სისტემის მისაღებად. ასევე გამოთქმულია შეშფოთება სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების კუთხით საქართველოს უკუსვლაზე.

წერილს, რომელიც გახარიას მწვანეთა პარტიის ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ, გაუგზავნა, მწვანეების გარდა, ევროპის სახალხო პარტიის, სოციალ-დემოკრატებისა და ევროპის განახლების პარტიის წევრი 26 ევროპარლამენტარი აწერს ხელს. 

კომენტარები