არჩევნები 2020

შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე - რა წერია მიღებულ მემორანდუმში

0 კომენტარი

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები 8 მარტს შეთანხმებით დასრულდა.

შეხვედრაზე სახელისუფლებო და ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი მიიღეს, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 120/30-ზე განაწილებით ჩატარდება. 

ბოლო დრომდე ხელისუფლება ამბობდა, რომ 100/50 ან 110/40 განაწილებაზე იყო თანახმა, თუმცა ოპოზიციის და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის ფონზე, მანდატების 120/30 პროპორციას დასთანხმდა. 

მემორანდუმის ხელმომწერი პარტიები შემდეგზე თანხმდებიან:

"არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში საარჩევნო ბარიერი 1% იქნება.

ჩამკეტი მექანიზმი განსაზღვრავს იმას, რომ ერთი პარტია, რომელიც ხმების 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვერ შექმნის უმრავლესობას. კანონმდებლობაში იქნება სხვა მექანიზმები, რომლებიც მიღებული ხმების მიხედვით მანდატების უფრო პროპორციულ განაწილებას შეუწყობს ხელს.

30 საარჩევნო ოლქი თანხმობაში იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებასთან, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან, ოლქის ამომრჩევლის რაოდენობის საშუალო ზომიდან გადახრა 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. შესაძლოა იყოს სამამდე გამონაკლისი, სხვადასხვა გეოგრაფიული საჭიროებიდან გამომდინარე, ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებიდან მაქსიმუმ 10 დღეში  საპარლამენტო უმრავლესობა საჯაროდ წარადგენს საარჩევნო ოლქების რუკას.

თუ 2020 და 2024 წლებს შორის ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლის არჩევნებისთვის განსაზღვრული წესით, ყველა მომდევნო - სრულად პროპორციული წესით, როგორც ეს 2024 წლისთვისაა განსაზღვრული".

საარჩევნო სისტემის პროპორციულთან დაახლოების გარდა, ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო, რაზეც, ოპოზიციური ლიდერების თქმით, შეთანხმება ასევე მიღწეულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ ომის პროვოცირება საქართველომ დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები