არჩევნები 2020

NGO-ები: შეთანხმება კრიზისიდან გამოსვლისა და სტაბილური საარჩევნო გარემოს შესაძლებლობას აჩენს

არასამთავრობო ორგანიზაციები

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება ცალსახად მისასალმებელია, "რადგან ის უზრუნველყოფს უფრო მეტად პროპორციული შედეგის დადგომას, ვიდრე დღეს არსებული საარჩევნო სისტემა". NGO-ები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში არსებული რამდენიმეთვიანი დაძაბული პოლიტიკური ვითარების შემდეგ, საარჩევნო სისტემის ამ სახით გაუმჯობესება მნიშვნელოვანი წინაპირობაა მშვიდობიანი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შესაქმნელად.

"ვიმედოვნებთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით კი, პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები  გონივრულ ზომებს მიიღებენ და ძალისხმევას არ დაიშურებენ შეთანხმებული მოდელის კანონმდებლობაში ასახვისთვის მაქსიმალურად მოკლე ვადებში. ეს ხელს შეუწყობს სტაბილური და კონკურენტული პოლიტიკური გარემოს შექმნას და შესაძლებლობას მისცემს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დროულად დაგეგმოს და განახორციელოს წინასაარჩევნო კამპანია ჯანსაღ საარჩევნო გარემოში.

ასევე გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ და კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ შეთანხმების მიღწევაში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დიდი წვლილი, რომლებიც მხარეებს შორის მოლაპარაკებებს ფასილიტაციას უწევდნენ და რომელთა ძალისხმევისა და მცდელობების გარეშე საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ამ მნიშვნელოვან ცვლილებაზე მხარეთა შეთანხმება შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი წარიმართოს შეთანხმების შესაბამისად და როგორც საარჩევნო სისტემა, ისე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები განისაზღვროს სამართლიანად. შეთანხმებაში არ არის ნახსენები საარჩევნო ბლოკები, შესაბამისად, აუცილებელია უახლოეს პერიოდში გაირკვეს ეს საკითხიც.

აქვე, იმედს გამოვთქვამთ, რომ საარჩევნო სისტემაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების შემდეგ, ხელისუფლება უმოკლეს ვადებში განაახლებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მუშაობას საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რაც საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე მოლაპარაკებების გამო შეჩერებული იყო. არჩევნებზე დარღვევების პრევენციისა და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გაგრძელდეს ეუთოსა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე მსჯელობა და განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება - ამას გულისხმობს შეთანხმება, რომელსაც 8 მარტს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიაღწიეს.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებასთან ერთად, რაზე შეთანხმებაც ასევე მიღწეულია.

კომენტარები