არჩევნები 2020

ბაქრაძე: ველოდები, რომ "ოცნება" გამოიჩენს პასუხისმგებლობას და შეთანხმებას შეასრულებს

0 კომენტარი
ფოტო: ინტერპრესნიუსი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ელოდება, რომ "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას გამოიჩენს და ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმების ორივე ნაწილს შეასრულებს - გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და საარჩევნო სისტემას 120/30-ზე სისტემით ჩაატარებს.

მისი თქმით, რომელიმე ერთი ნაწილის შეუსრულებლობა მთლიანი შეთანხმების დაშლა იქნება.

"ჩვენი, ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ შემდგარიყო შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე და მეორე, შემდგარიყო შეთანხმება პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე.

ის, რომ ხელი მოეწერა 2 დოკუმენტს, არის სწორედ ამის ასახვა. გუშინდელი შეთანხმება არ არის მხოლოდ საარჩევნო საარჩევნო შეთანხმება, ეს არის შეთანხმება ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს მოწესრიგების შესახებ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ველოდები, რომ ეს ორივე დოკუმენტი შესრულდება. რომელიმე ერთის არშესრულება იქნება მთელი შეთანხმების ჩაშლა, ამიტომ, ველოდები, რომ "ოცნება" გამოიჩენს პასუხისმგებლობას",- თქვა ბაქრაძემ.

რაც შეეხება ქართული ოცნების წევრების განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს, ბაქრაძე ამბობს, რომ ეს მოსალოდნელი იყო.

"მათი რიტორიკა გასაგებია, ბუნებრივია, არ ველოდებოდი, რომ დღეს დილიდან აღიარებდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან. ეს არც არის ჩვენი ამოცანა, ამიტომაც წერია იმ განცხადებაში, რომ ვერ ვთანხმდებით პროცესზე, მაგრამ ვთანხმდებით შედეგზე და შედეგი უნდა იყოს კონკრეტული ადამიანების ციხიდან გამოშვება, ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, "ოცნება" შეასრულებს შეთანხმებას",- თქვა ბაქრაძემ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა - ოპოზიცია მოლაპარაკებებს აგრძელებს მაჟორიტარულ ოლქების დაყოფასთან და კანდიდატების განაწილებასთან დაკავშირებით.

8 მარტს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, რაზეც შეთანხმება ასევე მიღწეულია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები