არჩევნები 2020

ბაქრაძე: ვადასტურებ, იყო საუბარი კონკრეტულ ადამიანებზე და კონკრეტულ გვარებზე

ტაბულა

"მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ დიახ, იყო საუბარი კონკრეტულ ადამიანებზე და კონკრეტულ გვარებზე, ეს იცის ქართულმა ოცნებამაც, ჩვენც და რაც მთავარია ეს იციან იმ ელჩებმა, საერთაშორისო ფასილიტატორებმა, ვისაც ეს პროცესი მიჰყავდათ", - ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე.

ბაქრაძის განმარტებით, ოპოზიციას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ქართული ოცნება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკური პატიმრების არსებობას აღიარებდა. 

როგორც ბაქრაძე განმარტავს, ამის აღიარება "ოცნების" მხირდან არცაა ოპოზიიციის ამოცანა, - "ამიტომ წერია დოკუმენტში, რომ ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ შეფასებაზე, მაგრამ ვთანხმდებით შედეგზე და შედეგი არის კონკრეტული ადამიანების ციხიდან გამოსვლა", - ამბობს ბაქრაძე.

"ამიტომ თუ ამით ქართულ ოცნებას გაუადვილდება საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობა, კი ბატონო, ისაუბრონ, რომ არაფერზე საუბარი არ ყოფილა და ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. ჩვენი ამოცანაა, შეთანხმება შესრულდეს და უახლოესი ერთი თვის ვადაში კონკრეტულმა ადამიანებმა, ვისზეც ამ პროცესში საუბარი იყო, საპატიმროები დატოვონ", - ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა

ცნობისთვის, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საუბარია "მაღალი პროფილის" საქმეებზე.

8 მარტს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, რაზეც შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები