საარჩევნო შეთანხმება

კინზინგერი: ეს შეთანხმება დემოკრატიას გააძლიერებს და NATO-ს წევრობისთვის დიდი ნაბიჯია

PBS

აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ შეთანხმებას განცხადებით გამოეხმაურა. კინზინგერმა მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებს მადლობა გადაუხადა და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიულოცა დემოკრატიული რეფორმები. 

"დემოკრატია მარტივი არ არის, ის ბევრ შრომას მოითხოვს, თუმცა უდაოა, რომ ამად ღირს. მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო პროდემოკრატიული რეფორმების მიღწევა, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში იბრძოლეს. ტაშს ვუკრავ მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარის მცდელობას, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და ელჩ კელი დეგნანის მეთაურობით აშშ-ის საელჩოს. ამ შეთანხმებამდე გრძელი გზა იყო, მაგრამ კომპრომისითა და სიმწიფით დემოკრატიის დამცველი აუცილებელი ნაბიჯები საბოლოოდ გადაიდგა. 

როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, მე ამაყი ვარ, რომ მქონდა როლი ამ მოლაპარაკებებში მანევრირებისას და ასევე, მზად ვარ დახმარებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ საქართველო დარჩეს აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად. ეს შეთანხმება მათ დემოკრატიას გააძლიერებს და დიდი დამხმარე ნაბიჯია NATO-ს პარტნიორობისა და დროთა განმავლობაში წევრობისთვის. ვაპირებ საქართველოში კვლავ ვიზიტს მომავალში, რათა ამ პოზიტიური ინერციით გავაგრძელოთ შენება,"- წერს კონგრესმენი განცხადებაში. 

8 მარტს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, რაზეც შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები