ოპოზიციის ბოიკოტი

ბოკერია: ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების შესრულება მოხსნის პოლიტიკურ ბოიკოტს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის გოგა ბოკერიას თქმით, მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეთანხმების პირობებს შეასრულებს, ევროპული საქართველო საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდება და ბოიკოტს შეწყვეტს.

ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო საქმიანობაში მას შემდეგ აღარ იღებენ მონაწილეობას, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციული არჩევნები ჩააგდო.

"ევროპული საქართველოს სახელით შემიძლია გითხრათ, ამ შეთანხმების შესრულება, რა თქმა უნდა, მოხსნის პოლიტიკურ ბოიკოტს. მე იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება, არანაირ ეჭვებს წინასწარ არ გამოვთქვამ. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ პრაგმატულადაც, პარლამენტში შესვლით. იმიტომ რომ ჩვენი აზრით, "ოცნებიდან" ჩვენს ოპონენტებზე უკეთ ვიყენებთ ტრიბუნას. თან, ქვეყნისთვის ნორმალური ამბავია, რომ პარლამენტში იყოს დისკუსია, ოღონდ ამას სჭირდება ნაბიჯების გადადგმა შეთანხმების შესასრულებლად," - ამბობს ბოკერია.

გუშინ, 8 მარტს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებასთან ერთად. 

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ შეთანხმების მიხედვით, პოლიტპატიმრები გათავისუფლებიან და პოლიტიკურ საქმეები შეწყდება. 

კომენტარები