აჭარის ტელევიზია

აბაზაძემ თეონა თურმანიძეს მთავარი გამოშვების წამყვანობა შესთავაზა, შემდეგ კი გადაიფიქრა

აჭარის ტელევიზია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციიო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბაზაძემ თეონა თურმანიძეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წაყვანა შესთავაზა, რამდენიმე საათში კი გადათქვა. თურმანიძეს თეონა ბაკურიძე უნდა ჩაენაცვლებინა, რომელსაც არხის დირექტორმა დროებით უფლებამოსილება შეუჩერა.

შეთავაზებას თურმანიძე პირდაპირ ეთერში დათანხმდა. მან თქვა, რომ კოლეგების თხოვნით, თანახმაა, გამოშვებას დროებით გაუძღვეს.

აბაზაძემ გადაწყვეტილება სწორედ ამის შემდეგ შეცვალა.

მან სტუდიიდან ახალ ამბების სამსახურის სამუშაო ოთახში დაბრუნებულ თეონა თურმანიძეს უთხრა, რომ საღამოს გადაცემას თავად წაიყვანდა, მისი გადაწყვეტილების შესახებ კი ეთერიდან არ უნდა გაეგო.

'"სამის 25 წუთი იყო თეონას [თურმანიძეს] ვუთხარი თუ დაჯდებოდა ეთერში, მოვიფიქრებო. სტუდიაში შესვლამდეც ვკითხე, მითხრა ჯერ ვფიქრობო. 15 საათსა და 20 წუთზე მოუწერია სმს, შენ თუ შეძლებ დღეს დაჯექი და ხვალიდან მე ვიქნებიო. მესიჯი ნანახი არ მქონდა და პირდაპირ ეთერში გამოაცხადა ამის შესახებ. ვფიქრობ, ეთერში არ უნდა გამოეცხადებინა - ვთანხმდები წინადადებასო. მე არ მეგონა, რომ თეონა ჯდებოდა ეთერში და დავიწყე გადაცემის კეთება, უნდა ეთქვა მანამდე, რად უნდოდა ამდენი ფიქრი," - უთხრა აბაზაძემ აჭარის ტელევიზიას.

გიორგი აბაზაძე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად მარტის დასაწყისში დაინიშნა. ის ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ დანიშნა, რომელმაც ასევე მიიღო თეონა ბაკურიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება. ბაკურიძის დროებით გათავისუფლების მიზეზად კოხრეიძემ "თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა" დაასახელა.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები რამდენიმე თვეა, ზეწოლაზე, ცენზურასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე საუბრობენ და ამაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მაუწყებელში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მრჩეველთა საბჭომ დირექტორი, ნათია კაპანაძე გადააყენა.

ამის შემდეგ საბჭოს ახალი დირექტორის შესარჩევად რამდენიმე თვე დასჭირდა, კონკურსი არაერთხელ ჩაიშალა. მეხუთე მცდელობაზე, 2019 წლის 22 ნოემბერს, დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა საშტატო განრიგის ცვლილება იყო. სწორედ მან, პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა. ზოიძე იძულებული გახდა, ტელევიზია დაეტოვებინა. კოხრეიძისვე ინიციატივა იყო რამდენიმე თანამდებობის გაუქმება, მათ შორის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატის. ამ პოსტს ტელევიზიაში მაია მერკვილაძე იკავებდა, რომელიც კოხრეიძის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. თანამდებობის დატოვება მასაც მოუწია.

კომენტარები