ევროკავშირი - საქართველო

EU: გვჯერა, რომ ყველა მხარე დაიცავს შეთანხმებას და პარლამენტი უახლოეს კვირებში მიიღებს

Getty Images

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ შეთანხმებას მიესალმება და წერს, რომ შეთანხმება ქვეყანაში არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების სურვილს ასახავს.

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი განცხადებაში იმედოვნებს, რომ პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებებს უახლოეს მომავალში დაამტკიცებს. 

"კვირას, საქართველოს მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით – მიაღწიეს შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. პარტიებმა ასევე ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, სადაც ხაზგასმულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და ისეთი ქმედებების თავიდან აცილების აუცილებლობა, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც საქართველოში მიმდინარე სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია. ეს იყო სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგი, რომელსაც ფასილიტაციას უწევდნენ საქართველოში ევროკავშირის, გერმანიის, ევროსაბჭოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები.

ეს შეთანხმება არის ძალზე მისასალმებელი, მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ნიშანი ყველა პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან და ის საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების სურვილს ასახავს. ჩვენ ვულოცავთ ყველა ხელმომწერს, რადგან მათ უპირატესობა მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებსა და საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციას.

ჩვენ გვჯერა, რომ ყველა მხარე დაიცავს შეთანხმებას და უზრუნველყოფს პარლამენტის მიერ მის წარმატებით მიღებას უახლოეს კვირებში, მოგვიანებით კი – მის ეფექტიან განხორციელებას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა პარტიას, სწრაფად და სრულად შეასრულონ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ბოლო არჩევნების შემდეგ გაცემული რეკომენდაციები, რათა უზრუნველყონ, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ქართველი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების უმაღლესი ნდობა მოიპოვოს"- წერია განცხადებაში. 

8 მარტს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, რაზეც შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები