უზენაესი სასამართლო

ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - იუსტიციის საბჭო კანდიდატის შერჩევას გეგმავს

საქართველოს უზენაესი სასამართლო
რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭო გეგმავს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატურა დღეს შეარჩიოს.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებთან კონსულტაციები დღეს 15:00 საათზეა ჩანიშნული, 16:00 საათზე კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ჩატარება იგეგმება, "სადაც უნდა გადაწყდეს, რომელი კანდიდატი იქნება წარდგენილი საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, რომლებიც უვადო მოსამართლეობის შერჩევის პროცესში დარღვევებსა და პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ, თავმჯდომარის შერჩევის პროცესსაც ფარსს უწოდებენ და ამბობენ, რომ საბჭო არჩევანს იმ ადამიანზე შეაჩერებს, ვისაც მეტი გავლენა და ხელისუფლების მეტი ნდობა აქვს.

"ვითომ დემოკრატიონობანას თამაშით, ვითომ კონსულტაციით მოსამართლეებთან საბჭომ დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. სინამდვილეში ეს იქნება მხოლოდ ფარსი, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, რომ უზენაესის თავმჯდომარედ იქნება არჩეული ადამიანი, რომელიც კომფორტულია ხელისუფლებისთვის," - თქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ.

"აპელირებდნენ იმაზე, რომ არაპოლიტიკური ორგანოს მიერ წარდგენილებს შორის გაკეთდება არჩევანი, ალბათ ისინი არჩევანს სწორედ ახალ კანდიდატებზე, ახალ მოსამართლეებზე გააკეთებენ, რომლებიც დეკემბერში იქნენ არჩეულნი. არჩევანი გაკეთდება იმ ადამიანებზე, რომელსაც უფრო მეტი გავლენები, კავშირები და მეტი ნდობა აქვთ ორივე ხელისუფლების ორივე შტოს მიმართ, როგორც სასამართლოს, ასევე პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან," - ამბობს საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

თავის მხრივ, საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ ჯანეზაშვილისგან და დოლიძისგან კონსულტაციების ჩატარების წინააღმდეგ არგუმენტები ვერ მოისმინა.

"ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე ყოველ შემთხვევაში ამის საპირისპიროდ, თუ რატომ არ უნდა გავმართოთ კონსულტაცია მოსამართლეებთან, ანუ პოტენციურ კანდიდატებთან და ელემენტარულად არ გავარკვიოთ მათი სურვილი და შეხედულებები უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ჩემს გეგმებში არ შედის თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურის დაყენება," - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ასევე, გარდა იმისა, რომ თავმჯდომარის შერჩევის პროცესი შესაძლოა დარღვევებით წარიმართოს და თავმჯდომარე პოლიტიკური ნიშნით შეირჩეს, საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე კორონავირუსის საფრთხესა და ამ ფონზე სხდომების წარმართვაზე ამახვილებენ ყურადღებას.

"მოგეხსენებათ, სასამართლოებში ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია, განსაკუთრებით ე.წ. დიდ სასამართლოებში. მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 კვირის განმავლობაში დაახლოებით 3 000-ზე მეტი ადამიანი იყრის თავს.

იუსტიციის საბჭოს 9 მარტის სხდომაზე სასამართლოებში არსებულ სიტუაციაზე ვმსჯელობდით. სამწუხაროდ, კვლავ ისეთივე არასერიოზულები და გულგრილები იყვნენ საბჭოს მოსამართლე წევრები, როგორც სხვა ნებისმიერი მიმდინარე საკითხის განხილვის შემთხვევებში. ვერაფრით დავარწმუნეთ გიორგი მიქაუტაძე, რომ სასამართლო ხელისუფლების მხრიდან საჭიროა საკოორდინაციო საბჭოსთან კომუნიკაცია და ზუსტი რეკომენდაციების მიღება. ამავე დროს, სერგო მეთოფიშვილი დაჟინებით მოითხოვდა პასუხს იმაზე, უნდა გაუზომონ თუ არა ტემპერატურა სასამართლოებში მისულ თანამშრომლებსა თუ მოქალაქეებს. თან ეს მაშინ ხდება, როდესაც სასამართლოებისთვის დისტანციური თერმომეტრები უკვე ნაყიდია.

სერიოზული ღონისძიებებია გასატარებელი სასამართლოში, ვიდრე საბჭოს 1 განცხადებაა, რომელსაც სასამართლოს მომხმარებლებისა და ვიზიტორების ძალიან დიდი ნაწილი ვერც კი ნახავს. საბჭოს მდივანს ასევე შევთავაზე, რომ მომზადდეს ვიდეო რგოლები მოქალაქეებისთვის",- წერს ნაზი ჯანეზაშვილი ფეისბუქზე.

ის საბჭოს განცხადებას უერთდება, რომლის მიხედვითაც:

"იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების ვიზიტორებს, მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ - დაიცვან როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობა".

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა 2018 წლის 2 აგვისტოდან ვაკანტურია - წინა თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე 3-წლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ, სწორედ ამ დღეს გადადგა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს კანდიდატურა არ წარუდგინა. 2018 წლის 16 დეკემბრიდან კი, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო, ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევიდა, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭა.

კომენტარები