ავღანეთი

აშშ-მა თალიბანთან შეთანხმების ფარგლებში ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: Yahoo

აშშ-მა თალიბანთან შეთანხმების ფარგლებში ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო. შეთანხმების მიხედვით აშშ-ს ხელმოწერიდან 135 დღეში ჯარისკაცების რაოდენობა 12,000-დან 8,600-მდე უნდა შეემცირებინა.

ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სპიკერმა, პოლკოვნიკმა სონი ლეგეტმა თქვა, რომ ეს პირველი ფაზაა და აშშ ინარჩუნებს მისი მიზნების შესასრულებლად საჭირო სამხედრო ძალას.

29 თებერვალს აშშ-მა და თალიბანმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც მომდევნო 14 თვეში ქვეყნის ტერიტორიიდან აშშ-ის და NATO-ს ჯარები გავა იმ შემთხვევაში, თუ დაგჯუფება ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.

მიუხედავად შეთანხმებისა თალიბანი თავდასხმებს აგრძელებს და შეთანხმების შემდეგ რამდენიმე დღეში აშშ-მა უკვე განახორციელა საპასუხო დარტყმები.

თავდასხმების შეწყვეტასთან ერთად თალიბანი ვალდებულია მოლაპარაკებები დაიწყოს ავღანეთის მთავრობასთან, რაზეც ამ დრომდე უარს ამბობდნენ და წინაპირობად 5,000-მდე პატიმრის გათავისუფლებას ასახელებდნენ. პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თავდაპირველად თქვა, რომ მოლაპარაკებებამდე პატიმრების გათავისუფლებას არ გეგმავდა, თუმცა ამჟამად ანონიმურ წყაროებზე დატრდნობით მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღანი მიმდინარე კვირას 1,000 პატიმარს გაათავისუფლებს.

აღსანიშნავია, რომ ღანის მთავრობა პოლიტიკური კრიზისის წინაშეა. 9 მარტს დედაქალაქ ქაბულში მისი ინაუგურაციაზე აფეთქებები მოხდა. პრეზიდენტის სასახლესთან, სადაც ასობით ადამიანი იყო შეკრებილი, აფეთქების და სროლის ხმები ისმოდა. 

ღანის ინაუგურაციის პარალელურად კი ინაუგურაციის ცერემონია გამართა მისმა მთავარმა მეტოქემ აბდულა აბდულამ. ის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ღანის გამარჯვებულად არ აღიარებს. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ აბდულამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.

საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში 28 სექტემბერს გაიმართა, შედეგები კი ცნობილი 5 თვის შემდეგ გახდა. გამარჯვება კვლავ აშრაფ ღანიმ მოიპოვა. მან ხმათა 50.64% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა აბდულა აბდულამ კი 39.52%. ღანის ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნები ხარვეზების და ტექნიკური პრობლემების ფონზე წარიმართა და შედეგები გაყალბებულია.

აბუდულა აბდულა 2014 წლის არჩევნებშიც აშრაფ ღანის მთავარი კონკურენტი იყო. მაშინ ისინი ძალაუფლების გადანაწილებაზე შეთანხმდნენ და საერთო მთავრობა შექმნეს. ღანი პრეზიდენტი გახდა აბდულასთვის კი მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის პოზიცია შეიქმნა.

ღანიმ გამოაცხადა, რომ ძალაუფლების გაზიარების შეთანხმებას აღარ დათანხმდებოდა, აბდულა აბდულამ კი თქვა, რომ დარღვევებით წარმართული არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა.

აშშ-მა და სხვა პარტნიორებმა მთავრობას მოუწოდეს პრიორიტეტი მიანიჭონ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და პოლიტიკური კრიზისი გადაჭრაზე იმუშაონ. თალიბანთან ავღანეთის მთავრობის მოლაპარაკებები მიმდინარე კვირას უნდა დაიწყოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები