ქართუ ბანკის საქმე

ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას პროცესი სააპელაციოში გადაიდო

მთავარი

ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გადაიდო. საქმის განხილვა დღეს დაიწყო და პირველი სხდომა უნდა გამართულიყო. პროცესი იმის გამო გადაიდო, რომ საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პირის ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი პროცესზე არ გამოცხადდა, რის გამოც მას სახაზინო ადვოკატი უნდა დაუნიშნონ. 

მთავარმა პროკურატურამ ქართუს გაკოტრების საქმეზე საქალაქოს განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრა. 7 წლის წინ აღძრულ საქმეზე, 2019 წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, ხოლო მეორე ეპიზოდში გაამტყუნა და 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლემ მას 3 წლით და 2 თვით თანამდებობის დაკავებაც აუკრძალა. ამ განაჩენის შემდეგ, ნიკა მელიას საპარლამენტო უმრავლესობამ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

სააპელაციოში აქვს გასაჩივრებული საქალაქოს გადაწყვეტილების მეორე ნაწილი დაცვის მხარესაც, რომლის მიხედვითაც მელიას ჯარიმა დაეკისრა და თანამდებობი დაკავება აეკრძალა. საქმეს მოსამართლე ვეფხია ლომიძე განიხილავს.

მომდევნო პროცესი 30 აპრილს 12:00 საათზე ჩაინიშნა. 

ქართუს გაკოტრების" საქმეზე გამოძიება 7 წლის წინ, 2012 წელს დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე ანგარიშწორების მიზნით ბანკის გაკოტრებისთვის ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა, რომელშიც პოლიტიკური თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი. 

ქართუს გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

კომენტარები