შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

ბოკერია: თუ შეთანხმების რომელიმე კომპონენტი არ შესრულდება, შეთანხმება ჩაიშლება

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების რომელიმე კომპონენტი არ შესრულდება, ხელისუფლების მხრიდან, შეთანხმება ჩაიშლება. ბოკერია შეთანხმებაში პოლიტპატიმრების ნაწილთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ წინასწარ, რიტორიკის გამო, ბრალდებების გაჟღერება ევროპული საქართველოს თვითმიზანი არ არის. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიტიკური დევნის ნაწილში, შეთანხმება მიღწეულია კონკრეტული პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ კონკრეტულ გვარებზე შეხვედრისას საუბარი არ ყოფილა და მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისათვის. 

"შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა და რომელიც არის კარგი მთელი ქვეყნისთვის და რა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, უნდა შესრულდეს მთლიანად. ორი დოკუმენტი იმიტომ შეიქმნა და ორი მიმართულება იმიტომ არის, შიგნით კიდევ ჩაშლილია პუნქტებად, რომ ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს. ნაწილობრივ შესრულებული შეთანხმება არ არსებობს, არის მთლიანად შესრულებული, ან არ შესრულებული. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ინტერესი აღარ არის ხელისუფლებასთან ამ პინგ-პონგის გაგრძელება. ჩვენ გვინდა, რომ ნორმალურობისკენ წავიდეთ," - ამბობს ბოკერია.

რაც შეეხება ოლქების გადანაწილებას, ბოკერია ამბობს, რომ ამ ნაწილშიც შეთანხმებაში კონკრეტულად არის გაწერილი ვადები და პრინციპები.

"ეს უნდა მოხდეს სწრაფად, 10 დღის განმავლობაში და ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტი და რომელიც იყო ჩვენი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, რომ თანაზომადობა უნდა იყოს, ეს არის საკვანძო და თუკი, გამონაკლისი იქნა რაღაც, ეს გამონაკლისი უნდა იყოს ძალიან შეზღუდული. პირდაპირ წერია იქ რაოდენობა და კატეგორიები და ამით უნდა ვიხელმძღვანელოთ. იმის გამო, რომ ზოგადი განაცხადები არ გვინდოდა, ამიტომ არის ვადაც კი გაწერილი, ამიტომ ამ დღეებში ეს შეთანხმება უნდა შედგეს და იმედი მაქვს, რომ ამ ნაწილშიც იქნება დაცული," - ამბობს ბოკერია.

ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიცია კვლავ მუშაობს მაჟორიტარების კოორდინაციის საკითხზე და  საკვანძო ოლქებში იქნება საერთო კანდიდატები.

"ნაციონალურად ცნობილი პოლიტიკური ფიგურები იქნებიან იმ ოლქებში კანდიდატები, სადაც კონკურენციაში არ შევა ოპოზიცია ერთმანეთთან," - ამბობს ბოკერია.

რაც შეეხება ოპოზიციის პოლიტიკურ ბოიკოტს, ბოკერია ამბობს, რომ როგორც კი შეთანხმების პირობები შესრულდება, ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდება. ოპოზიცია მას შემდეგ არის ბოიკოტის რეჟიმში, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო.

"ხმის მიცემისას ინიცირებისთვის ან რაიმე სხვა საკვანძო სხვა საკითხისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ პრობლემას არ შევქმნით, მაგრამ დაბრუნება ნორმალური საპარლამენტო ცხოვრებისთვის, რომელიც ევროპული საქართველოსთვის მომგებიანი, პრაგმატულად, ასევე არის ქვეყნისთვის კარგი, მოხდება მაშინ როცა შესრულდება შეთანხმების პირობები," - ამბობს ბოკერია.

8 მარტს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებასთან ერთად. 

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ შეთანხმების მიხედვით, პოლიტპატიმრები გათავისუფლებიან და პოლიტიკურ საქმეები შეწყდება. 

კომენტარები