TBC ბანკის საქმე

ხაზარაძე - ჯაფარიძე - წერეთლის საქმის განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადადო

0 კომენტარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადადო. მიზეზი საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. წერეთელს საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება. მოსამართლე გიორგი არევაძეა.

პროკურატურამ წერეთელს მკურნალობის მიზნით ქვეყნის დატოვების ნებართვაც მისცა.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე იმედს გამოთქვამენ, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმება მათ საქმესაც შეეხება და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება.

"საქმე უნდა შეწყვეტილიყო დიდი ხნის წინ, არც უნდა დაწყებულიყო. თუ მათ კიდევ უნდათ, შეინარჩუნონ სახე, საქმე უნდა შეწყდეს" - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

„ცხადია, რომ ჩვენ ველოდებით, რომ პროკურატურა გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელიც პასუხისმგებლიანმა პროკურატურამ უნდა გადადგას და შეწყვეტს ამ საქმის წარმოებას. რაც შეეხება პოლიტიკურ კონსენსუსს ეს შეეხება იმას, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნა უნდა შეწყდეს ამ ქვეყანაში და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ ეს არის კონსენსუსის ნაწილი, კონკრეტული შემთხვევების პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმი არ არის გაწერილი ამ შეთანხმებაში, მაგრამ ეს გულისხმობს ამ პრინციპულ შეთანხმებას, რომელიც უნდა გადაითარგმნოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. საქმე თავიდანვე იყო ყველას ყურადღების ქვეშ რამდენადაც ეს არის პოლიტიკური დევნა, აქედან გამომდინარე თუ საუბარია პოლიტიკური დევნის შეწყვეტაზე, ცხადია ჩვენი დევნა ეს არის ერთ-ერთი გამოკვეთილი შემთხვევა", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, "რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება". ავთანდილ წერეთელი ტელეკომპანია პირველის ხელმძღვანელის, ვახტანგ წერეთლის მამაა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესკი ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ამასთან, პროკურატურის გაფრთხილების და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

  • TBC ბანკის საქმე

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. 14 თებერვალს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა.

ამ საქმეში ერთერთი მთავარი ფიგურანტი TV პირველის დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელია, რომელსაც პროკურატურა მას TBC ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 27 აგვისტოს 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები