საარჩევნო სისტემა

კობახიძე: მაჟორიტარების მიზანი იყო მაჟორიტარიზმის პრინციპის შენარჩუნება და შენარჩუნებულია

ტაბულა

უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნების მაჟორიტარები საარჩევნო სისტემის ცვლილებეის წინააღმდეგი არ არიან და ეთანხმებიან 120/30 პრინციპს, რადგან მათი მიზანია მაჟორიტარიზმის პრინციპის შენარჩუნება იყო, რაც შენარჩუნებულია.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ვერ გადასვლა თავის დროზე ე.წ ამბოხებულ მაჟორიტარებს დაბრალდათ, ქართული ოცნების ლიდერები ამბობდნენ, რომ თავად კი უნდოდათ საარჩევნო სისტემის შეცვლა, თუმცა მაჟორიტარებმა არ დაუჭირეს მხარი და ხმები არ ეყოთ.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ჩამოგვეყალიბებინა ისეთი მოდელი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნებოდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, ასევე, ჩვენი დეპუტატებისთვის, მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატებისთვის, აქედან გამომდინარე, წინააღმდეგობა მათი მხრიდან არ არის. მათი მიზანი იყო მაჟორიტარიზმის პრინციპის შენარჩუნება, ეს პრინციპი არის შენარჩუნებული და მათი მიზანი, ასევე, იყო სტაბილურობის სათანადო ხარისხით უზრუნველყოფა და ეს მიზანიც არის მიღწეული ამ ახალ მოდელში,“- ამბობს კობახიძე. 

რაც შეეხება ოლქების გადანაწილებას, კობახიძე ამბობს, რომ ამოსავალი წერტილი იქნება ევროსაბჭოს სტანდარტი - თანაბრობის პრინციპი, თუმცა, ამ პრინციპის ფარგლებში, შეიძლება, რომ იყოს გარკვეული სხვადასხვაობა განაწილებებს შორის.

8 მარტს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებასთან ერთად. 

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ შეთანხმების მიხედვით, პოლიტპატიმრები გათავისუფლებიან და პოლიტიკურ საქმეები შეწყდება. 

კომენტარები