ოლქების გადანაწილება

კობახიძე: თბილისზე და სამ დიდ ქალაქზე გადანაწილდება 10 მაჟორიტარული ოლქი

ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების საკუთარი ვერსია შეიმუშავა. ირაკლი კობახიძის თქმით, 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი გადანაწილდება თბილისზე და სამ დიდ ქალაქზე. მისივე თქმით, 7 ოლქი იქნება თბილისში, ხოლო თითო-თითო ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. შესაბამისად, 20 ოლქი გადანაწილდება დანარჩენ რეგიონებზე. 

"გამომდინარე იქედან, რომ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონების სპეციფიკა და საზღვრები, უნდა გავითვალისწინოთ სხვა შესაბამისი ფაქტორები დიდი ლავირების საშუალება არ არის. საკმაოდ მსხვილი ოლქები ყალიბდება ახალი გადანაწილების საფუძველზე, რიგ შემთხვევაში იქნება 4-5 მუნიციპალიტეტი გაერთიანებული ერთ ოლქში, რაც ცვლის პრინციპში მაჟორიტარული არჩევნების სპეციფიკას, გარკვეულწილად, მაგრამ ეს არის ახალი რეალობა, რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი საზღვრები," - ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული ოლქები შემდეგნაირად გადანაწილდება:

თბილისი - 7, აჭარა - 3, გურია - 1, სამეგრელო 3, რაჭა -ლეჩხუმ- სვანეთი - 1, იმერეთი - 4 , შიდა ქართლი -2, კახეთი - 3, ქვემო ქართლი - 3, სამცხე- ჯავახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 1.

8 მარტს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება.

"პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში ბარიერი 1% იქნება", - წერია შეთანხმების ტექსტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოლქების განაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა - ეს იყო ოპოზიციის ერთი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებასთან დიალოგში, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებასთან ერთად. 

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ შეთანხმების მიხედვით, პოლიტპატიმრები გათავისუფლებიან და პოლიტიკურ საქმეები შეწყდება. 

კომენტარები