კრიმინალი

"შევცდი, სატანა დამაჯდა მხარზე" - ქრთამის აღებისთვის დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს, დავით შაკიაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

დაცვის მხარე 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. მოსამართლეს ამ თხოვნით თავად ბრალდებულმაც მიმართა.

"მე შევცდი, არ ვიცი როგორ, რანაირად, როცა თავად მე ღირსების მეტი არაფერი მქონია ცხოვრებაში, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა. არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა. მივატოვე ორი ოჯახი, ერთი - პროკურატურა და მეორე ჩემი ნამდვილი ოჯახი, რომელიც ასე მივატოვე. ძლივს ამოვედით გაჭირვებიდან და ისევ უკან ჩავვარდით. მე გთხოვთ, რომ გამოიყენოთ გირაო", - თქვა შაკიაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომელი 9 მარტს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, დავით შაკიაშვილმა მისი საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 50 000 ლარის ოდენობით ქრთამი მოითხოვა.

"ამასთან, პროკურორმა ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს დავით შაკიაშვილი დააკავეს", - აცხადებს პროკურატურა.

გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები