კიბერდანაშაული

შსს: დავაკავეთ 4 პირი, რომლებმაც 13 ადამიანს ონლაინ ანგარიშებიდან 42 ათასი მოპარეს

businessinsider.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და ბათუმში, კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 13 სხვადასხვა მოქალაქის პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწიეს მათ კუთვნილ ინტერნეტ-ბანკისა და ონლაინ-აზარტული თამაშების ელექტრონულ ანგარიშებზე, რის შემდეგაც, ამ სისტემის მეშვეობით, სხვადასხვა ხერხით დაეუფლნენ, ჯამში, 42 000 ლარს.

სამართალდამცველებმა 1989 წელს დაბადებული ორი პირი - ე.ვ. და დ.ჭ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2 მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს პერსონალური მონაცემები და საბანკო პლასტიკური ბარათების ნომრები, რომელთა გამოყენებითაც მათ სახელზე ერთ-ერთი ბანკიდან სესხები აიღეს, შემდეგ აღნიშნული თანხა სხვა ანგარიშებზე გადარიცხეს და 20000 ლარს უკანონოდ დაეუფლნენ.

გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, კიდევ ორი პირი - 1999 წელს დაბადებული - გ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხოლო 1996 წელს დაბადებული რ.კ. - ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

შსს-ს თქმით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა - რ.კ-მ, 2019 წლის 4 დეკემბრიდან 2020 წლის 21 იანვრის ჩათვლით, ბათუმში მდებარე ინტერნეტ-კაფეებში არსებული კომპიუტერული ტექნიკით ისარგებლა, სხვადასხვა დროს მოპოვებული, 11 მოქალაქის კუთვნილი, ონლაინ ტოტალიზატორების მომხმარებლის სახელებისა და პაროლების გამოყენებით, ონლაინ-ტოტალიზატორების ანგარიშებიდან ფული აზარტული თამაშების ინტერნეტსაიტების ანგარიშებზე გადმოიტანა, შემდეგ აღნიშნული თანხები გ.ბ.-ს მიერ მიწოდებული პლასტიკური ბარათების ანგარიშებზე ჩარიცხა. ბრალდებულებმა ჩარიცხული თანხები ბანკომატებიდან გაანაღდეს და ნაქურდალი, 22 000 ლარი გაინაწილეს.

სამართალდამცველებმა რ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული ონლაინ ტოტალიზატორების 1000-მდე მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ანგარებით ჩადენილ პერსონალური მონაცემების ხელყოფის, ქურდობის, თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 177-ემუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები